პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში დემოგრაფიული პრობლემების შესამცირებლად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
„დემოგრაფიული პრობლემის შესამცირებლად პირველი გადადგმული ნაბიჯი იყო მშობიარობის დაფინანსება, რაც ყველაზე ძვირადღირებული პროგრამაა და დაფინანსებულმა მშობიარობებმა 250 000-ს გადააჭარბა. მეორე ინიციატივა იყო შრომის კოდექსში დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობისა და ანაზღაურების ზრდა. შედეგად ოთხჯერაა გაზრდილი დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა. ასევე 2014 წლიდან მუშაობს შობადობის წამახალისებელი ინიციატივა - ესაა ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა იმ რეგიონებში, სადაც სიკვდილიანობა სჭარბობს შობადობას. ასეთი, სამწუხაროდ, 6 რეგიონია. სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, გურია, კახეთი... თითქმის მთელი საქართველო", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.