მრავალშვილიანი სტატუსის მქონე ოჯახებს დახმარება სოციალურად დაუცველის სტატუსის მიხედვით მიეცემათ თუ არა - ამ თემაზე პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ „ვერსიასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
„კანონპროექტში ჩავწერეთ, რომ 300 000 სარეიტინგო ქულამდე შეფასების მქონე ოჯახები მიიღებენ სხვადასხვა პროგრამულ დახმარებასა და ელექტროენერგიის სუბსიდირებას. ეს არ არის 20-ლარიანი და ყოველ მომდევნო ბავშვზე +10 ლარიანი დახმარება, ეს მხოლოდ ერთი მიმართულება - ელექტროენერგიის სუბსიდირებაა. ამ სეგმენტის ოჯახები არ არიან სოციალურად დაუცველები და შეჭირვებულები, ეს საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებია. მაგალითად, 250 000-მდე ქულის მქონე ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური სურათი ასეთია - შემოსავალი თვეში 2000-დან 3000 ლარამდეა. 300 000-მდე ქულის ოჯახის შემოსავალი კი 4000-დან 6000 ლარამდეა ყოველთვიურად", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძე აქვე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ელექტროენერგიის სუბსიდირების „20+10 ლარიანი" ფორმულით, მიზერულია.
„მრავალშვილიანი ოჯახების უმეტესობა 100 000 ქულამდეა, მათი წლიური გადასახადი წელიწადში 300-500 ლარია. ჩვენ ვთავაზობთ, რომ წელიწადში 240 ლარი და პლუს რამდენი ბავშვიც ჰყავს, იმდენი 120 ლარით მეტი გადავუხადოთ ელექტროენერგიის საფასური. მაქსიმუმი რომ ავიღოთ, 500 ლარიდან სახელმწიფო 4-შვილიან ოჯახს ყოველწლიურად ნახევარს გადაუხდის, ეს ცოტაა? - მშრალად ციფრებით მსჯელობა არ შეიძლება", - განაცხადა ხუნდაძემ.