კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" მმართველობაზე საუბრობს:
„საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რამხელა საშიშროება იყო „ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნისთვის. „ნაციონალური მოძრაობა" ეს იყო სახადი, ავანტიურისტების, კრიმინალების თავშეყრა, რომელიც განხორციელდა პროდასავლური ნიღბის ქვეშ და რომელსაც ამოძრავებდა ერთადერთი მიზანი ქართველი საზოგადოების ძალისმიერი დამორჩილება. ეს ყველაფერი ვრცელდებოდა სასამართლო სისტემიდან დაწყებული, არასამთავრობო სექტორით დამთავრებული. ეს ეხებოდა იმ არასამთავრობო სექტორსაც, რომელიც ახლა გააქტიურდა, წლების მანძილზე კი საერთოდ არ ჩანდნენ და მათი კნავილიც არ ისმოდა. ნუთუ არაფერი ჰქონდათ მაშინ სათქმელი და გასაპროტესტებელი, როცა ადამიანებს ქუჩაში ხვრეტდნენ?! ჩვენი ყური, გონება და ცნობიერება, სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში, შეეჩვია ისეთ ფრაზებს, როგორიცაა ხალხის ქუჩაში დახვრეტა, ადამიანის წამება, ქონების წართმევა და ათასი უბედურება. ავტორიტარიზმი სხვა კი არაფერია. ფეხქვეშ გაითელა სასამართლო სისტემა, აურაცხელი ადვოკატი გვყავდა ციხეში და სტრასბურგის სასამართლო აცხადებდა, რომ ჩვენ გვყავდა პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნით დაკავებული პირები. მაგალითად ჩემი საქმეც გამოდგება. მაშინ სააკაშვილი ამ შეფასებას დაეთანხმა, რადგან კედელთან მივაყენეთ და რეალობას ვერ გაექცა. თუკი თავად აღიარეს, რომ პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი ადამიანები ჰყავდათ ციხეებში, ახლა რატომღა ესარჩლებიან სხვას?! რა მორალური უფლება აქვთ, რომ ვინმეს გამოესარჩლონ, ჭკუა დაგვარიგონ და დისკრიმინაციაზე გვესაუბრონ?! სულ მცირე, სირცხილის გრძნობა უნდა ეყოთ!
ვინ თქვა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და პოლიტიკა ბინძური ხელებით კეთდება?! ნურას უკაცრავად! გააჩნიათ ადამიანებს, თორემ პოლიტიკაში ძალიან ბევრი ადამიანის ჩამოთვლა შეიძლება, ვინც წმინდა ხელებითა და სუფთა გულით აკეთებდა საერო და საკაცობრიო საქმეს. თუნდაც ექვთიმე თაყაიშვილი. ეს წმინდანად შერაცხილი ადამიანი პოლიტიკოსი არ იყო, რომელიც ქვეყნის საუნჯეს წლების განმავლობაში ინახავდა? ეს რა, პოლიტიკა არ იყო? აბა, ყოფილიყო მის ადგილას ბინძურხელებიანი ადამიანი, ვნახავდით, როგორ მოეკიდებოდა ამ ყველაფერს.
აი, ამ ყველაფერს დამატებული კიდევ უფრო მეტი საშინელება მოელოდა საქართველოს, რომ არა „ქართული ოცნება". ასეთ საშინელებას ჩამოგვაშორა „ქართულ ოცნებად" წოდებულმა ხალხის ერთობამ. ეს ყველაფერი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება გახლდათ. როგორც არ უნდა აკრიტიკონ ბატონი ბიძინა, ერთი რამ ცხადია, მას არ სჭირდებოდა არც სადეპუტატო პრივილეგიები, არც საპრემიერო თანამდებობა ხიბლავდა და ის იყო საიმისოდ შეძლებული, რომ ეს ყველაფერი არ დასჭირვებოდა. მოდით, კითხვა ასე დავსვათ, გაწირა თუ არა მან თავისი კეთილდღეობა, რისკის სასწორზე შეაგდო თუ არა საკუთარი ოჯახის ბედი და მომავალი? ამ ადამიანმა ძალიან დიდი რისკი გასწია", - განაცხადა მოლაშვილმა.