ავტორი ალა გრიგალაშვილი
„თუ მიგვაჩნია, რომ პროპორციული სისტემა არის კარგი, გავაკეთოთ ეს დღეს და არა ხვალ", - ამის შესახებ ლაშა ტუღუშმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო პროცესების შეფასებისას გააკეთა. თუმცა, „რეზონანსის" რედაქტორი მომხრეა, გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. „თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ შემდეგ არჩევნებს ვატარებთ მთლიანად პროპორციული სისტემით, უპრიანი იყო, ეს გაკეთებულიყო უფრო ადრე", - განაცხადა ტუღუშმა.
„რეზონანსის" რედაქტორი წინასაარჩევნო კამპანიის ნეგატიურ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების კამპანია დაფუძნებულია ერთმანეთის კრიტიკაზე და არა ჯანსაღ კონკურენციაზე.
„წინსაარჩენო პროცესი არაფორმალურად უკვე დაწყებულია. უკვე გამოჩნდა საარჩევნო ხასიათის რეკლამებიც, თუმცა მათი ძირითადი ხაზი არის ნეგატიური. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პარტიები აგებენ პოლიტიკურ კამპანიას სხვის ნეგატიურ მხარეზე და არა იმაზე, თუ რას სთავაზობენ თავად საზოგადოებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ელიტის დრამატული შეცდომა. სადღაც უნდა დავსვათ წერტილი და ეს ვერ გავაკეთეთ მთელი 25 წელი, ამიტომ არის, რომ ყველა არჩევნები ნეგატიური კონტექსტით მიმდინარეობს. ეს გვაზიანებს და მომავლშიც უარესად დაგვაზიანებს. გასაგებია, რომ არჩევნები გულისხმობს სხვა პოლიტიკური ძალების კრიტიკას, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზომა-წონა. უნდა არსებობდეს წინასაარჩევნო კამპანიის პოზიტიური ნაწილი, რაც გულისხმობს საარჩევნო პროგრამების, იდეების შეჯიბრს - თუ რას აპირებენ, როგორ უნდათ გამოასწორონ ხარვეზები და რას სთვაზობენ საზოგადოებას", - აცხადებს ტუღუში.
მისი აზრით, უნდა არსებობდეს კონკრეტული ფორმულა, რომელიც განსაზღვრავს წინასაარჩევნო კამპანიის კონსტრუქციულად წარმართვას.
„კველების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი არის ძალიან დაბალი. ეს უბიძგებს პოლიტიკურ პარტიებს, ჩაატარონ აგრესიული, ზღვარგადასული საარჩევნო კამპანიები. ვხედავთ, ყველა ფრონტზე მწვავდება სიტუაცია, დაწყებული სტუდენტებიდან, დამთავრებული ქალაქის ადმინისტრაციებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგეთ. ეს არჩევნები არ უნდა გახდეს უსისხლო თუ სისხლიანი რევოლუციების მიზეზი. ამიტომ აუცილებელი, არსებობდეს მოდელი, ფორმულა, რომ საარჩევნო დებატებს გადაიყვანს დარბაზებში.
კოალიცია დაიშალა. არსებობს ბევრი ამბიციური პარტია, რომელთა ამბიციებსაც არ უნდა გადავაყოლოთ საქართველოს მომავალი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ცივილიზებული, დემოკრატიული, კონსტრუქციული ფორმულით ჩავატაროთ ეს არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, სერიოზული პრობლემები შეგვექმნას მომავალში", - განაცხადა ტუღუშმა.
რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ტუღუშის თქმით, თუ გვსურს მრავალპარტიული პარლამენტი, ბარიერი უნდა დაიწიოს.
„5%-იანი ბარიერი ძალიან მაღალია და შესაძლოა, ვერ გადაილახოს, მითუმეტეს რადიკალიზაციის პირობებში, როდესაც საზოგადოება უყურებს სერიოზულ დაპირისპირებას პოლიტიკურ ძალებში. შესაძლოა, 2 ფერში წარიმართოს არჩევნები, 2 ფერში წარმართული არჩევნები კი საზიანოა. მგონი, უმჯობესია, მეტი ფერთა პალიტრა გვქონდეს არჩევნებში. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, იქნებ ღირდეს საარჩევნო ბარიერის დაწევა, რათა მეტი პოლიტიკური ძალა ვიხილოთ პარლამენტში", - განაცხადა ტუღუშმა.