პარლამენტის ვიცე-სპიკერი და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებისადმი გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ნაბიჯია.
„არსებულ ვითარებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისადმი არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ნაბიჯი და განაცხადი, სრულიად კონკრეტული გზავნილებით. ყველა, ვინც ამ მიმართვის გამო თავს ესხმის კვირიკაშვილს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი! ეს ხალხი რეალურად არც არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხითა და ბედითაა დაინტერესებული, არც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებითაა დაინტერესებული და არც სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის დარეგულირება აინტერესებთ. სწორედ ასეთმა აზროვნებამ მოიტანა სოხუმისა და ცხინვალის ტრაგედიები, სწორედ ასეთმა ხალხმა ჩააბარა კოდორი და ახალგორი.
ამიტომ ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქე, იქნება ის პოლიტიკური პარტიის ლიდერი თუ უბრალოდ ინჟინერი ან ექიმი, უნდა ხვდებოდეს, რომ კვირიკაშვილის მიმართვა (ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის ჭრილში) შესაძლოა აღმოჩნდეს გარდამტეხი და უნდა აღმოჩნდეს გარდამტეხი", - წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.