ჩემპიონთა ლიგის 2015/2016 წლების გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოს" მეტოქედ მიუნხენის „ბაიერნი" ერგო. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, „ვისენტე კალდერონზე" გაიმართება. მატჩს ინგლისელი არბიტრი მარკ კლატენბურგი განსჯის.
ხოსეპ გვარდიოლასთვის ეს მეორე და ამ ეტაპზე უკნასკნელი შანსი იქნება, „ბაიერნთან" ერთად მოიგოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ტიტული, დიეგო სიმეონე კი მადრიდელთა ისტორიაში შეყვანას კიდევ ერთხელ შეეცდება.
გუნდები საოცარ ფორმაში არიან. „ბაიერნი" ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების ცხრილს 81 ქულით ლიდერობს, „ატლეტიკო" კი „ბარსელონასთან" თანაბარი (82-82) ქულებით ამჟამად პრიმერადივიზიონის ცხრილში მეორე ადგილს იკავებს.
ხოსეპ გვარდიოლას ხელში „გერმანულმა მანქანამ" ბრწყინვალედ აითვისა „ტიკი-ტაკა" და კიდევ უფრო დამანგრეველი გახდა. „ატლეტიკო" კი საოცრად ორგანიზებულ დაცვას თამაშობს, შეტევაში კი გრიზმანისა და ტორესის დუეტი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა.
გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 1974 წელს შეხვდნენ. მაშინ მათი დაპირისპირება ევროპის თასის ფინალში შედგა. 120-ე წუთზე ჰანს-გეორგ შვარცენბეკმა გერმანელები გადაარჩინა და ტაბლოზე 1-1 დააფიქსირა. ორი დღის შემდეგ კი გადათამაშება დაინიშნა, სადაც „ბაიერნმა" ესპანელებს ტოლი არ დაუდო და 4:0 გაანადგურა. მაშინ დუბლები ული ჰიონესმა და გერდ მიულერმა შეასრულეს.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდები სრულ საბრძოლო განწყობაზე არიან, მადრიდელებს დღევანდელ მატჩში ტიაგუ და გოდინი ვერ დაეხმარებიან, მიუნხენელებს კი ფონს გასვლა რობენისა და ბადშტუბერის გარეშე მოუწევთ. კითხვის ნიშნის ქვეშაა ბოატენგისა და როდეს თამაშიც.
დღევანდელ მატჩში გახსნილ და ლაღ ფეხბურთს არ უნდა ველოდოთ. ბურთის ფლობა სავარაუდოდ მეტწილად გერმანელების მხარეს იქნება, „ატლეტიკო" კი საკუთარი კარის დაცვასა და კონტრშეტევებზე თამაშს აირჩევს, რაც სიმეონეს გუნდს შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში საუკეთესოდ გამოსდის. უნდა ველოდოთ ხისტ თამაშსა და ბურთისთვის შეუპოვარ ორთაბრძოლებს ყოველ ეპიზოდში.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობა დღევანდელ მატჩში:
„ატლეტიკო" (4-4-2): ხუანფრანი, ხიმენესი, ერნანდესი, ფილიპე ლუისი - საული, გაბი, აუგუსტო ფერნანდესი, კოკე - გრიზმანი, ტორესი;
„ბაიერნი" (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ალაბა, ბერნატი - ჩაბი ალონსო, ვიდალი - რიბერი, დუგლას კოსტა, მიულერი - ლევანდოვსკი;
არ ითამაშებენ: ტიაგუ, გოდინი - რობერნი, ბადშტუბერი;
კითხვის ნიშნის ქვეშ: ბოატენგი, როდე.