logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მინდა, პატრიარქს 2013 წელს გაკეთებული განცხადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო
- +

10 მარტი. 2018. 02:09


 

„მინდა, საქართველოს პატრიარქს 2013 წელს გაკეთებული განცხადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რადგან მან თავიდან აგვარიდა აბსოლუტურად გაუაზრებელი ნორმების ამოქმედება, რომელიც სამხარეო თვითმმართველობას, მუნიციპალიტეტების დაშლას და საზოგადოებრივი საბჭოების აბსოლუტურად არასწორი ფორმით ამოქმედებას შეეხებოდა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში" სტუმრობისას განაცხადა.


პარლამენტის თავმჯდომარემ ამ განცხადებით გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, შეთანხმებულია თუ არა თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგია საპატრიარქოსთან, რათა ისეთ პრობლემას აღარ გადავაწყდეთ, როგორიც მაგალითად, 2013 წელს მოხდა, როცა პატრიარქის ქადაგების შემდეგ თვითმმართველობის კოდექსიდან ამოვიდა ნორმები, რომლის მიხედვითაც გუბერნატორები ანგარიშვალდებული უნდა გამხდარიყვნენ და უბნების, სოფლებისა და ქალაქების დონეზე საზოგადოებრივი საბჭოები შექმნილიყო, რაც მოქალაქეთა ჩართულობას გაზრდიდა.


„რეალურად, განცხადებისა და კრიტიკის მიზეზი ეს იყო და არა ის, რომ დეცენტრალიზაცია ხორციელდებოდა. პირიქით, რაც თავის დროზე კეთდებოდა, იმის შედეგი რეალურად, დეცენტრალიზაცია არ იყო. თითოეული ნაბიჯი, რომელიც საბედნიეროდ, შემდეგ აღარ გადაიდგა, აბსოლუტურად გაუაზრებელი იყო და პატრიარქს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მან თავიდან აგვარიდა აბსოლუტურად არასწორი განვითარება", - განაცხადა კობახიძემ.


მისი თქმით, დეცენტრალიზაცია არის მეტი უფლებამოსილება და რესურსები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის და არა რაღაცის დაშლა, გამსხვილება, გაერთიანება და ა.შ.


„ეს სახელმძღვანელოში წერია და იმ ადამიანებმა, ვინც პროცესი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წაიყვანეს, ისიც კი ვერ გაიაზრეს, რაც სახელმძღვანელოში წერია", - განაცხადა კობახიძემ.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „დეცენტრალიზაციის წინააღმდეგი საქართველოს პატრიარქი და საპატრიარქო არ იქნება და საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენი საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად განხორციელდება".


 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner