რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები, კრასნოდარში რუსეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდა და 29:9 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მატჩი წვიმისა და სეტყვის თანმხლებით მიმდინარეობდა. პირველი 15 წუთი რუსებმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს „ბორჯღალოსნებს" და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. მასპინძლებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში თავის სასარგებლოდ 3:0 გახადეს.
24-ე წუთზე კი ქართველები დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 7:3 გახდა.
თუმცა ტაიმის მიწურულამდე, ქართველი მორაგბეების შეცდომების ხარჯზე, რუსებმა კიდევ ორი საჯარიმო დარტყმა შეასრულეს ზუსტად და შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმრების სასარგებლოდ 9:7 დასრულდა.
48-ე წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლება უკვე ქართველებმა მოიპოვეს. სოსო მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და „ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ 10:9.
65-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს. ამჯერად ლელო გიორგი ნემსაძემ დაამიწა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და ქართველები 17:9 დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე კი მიხელ გაჩეჩილაძემ დაამიწა ლელო, მათიაშვილმა კი კვლავ ზუსტად გარდასახა.
77-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ფეხით შეგორებული ბურთი ანზორ სიჭინავამ დაამიწა. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 29:9 გახდა. ამ გამარჯვებით „ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულა მიპოვეს და სატურნირო ცხრილში უკვე 19 ქულა აქვთ.
„ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგს შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.