logo_geo
eng_logo
ბესარიონ გუგუშვილი: „რუსთავი 2“-ს ჩემი ასეთი განცხადება უნდა გამოექვეყნებინა და არ გამოაქვეყნა!
- +

11 მარტი. 2018. 01:39



ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი საქართველოს პროკურატურას, პარლამენტს, ადამიანის უფლებების დამცველ და არასამთავრობო იურიდიულ ორგანიზაციებს მიმართავს:

 

„ზვიად გამსახურდიას „მკვლელობის" საქმის ფიგურანტის, სიკვდილის თვითმხილველი მთავარი მოწმის ბესარიონ გუგუშვილის მიმართვა-საჩივარი:

 

მოვითხოვ საქართველოს პროკურატურამ გამოიძიოს (ხოლო გამოძიების შედეგები საჯარო გახადოს) ზვიად გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიებისას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევები - რის გამოც:

 

1. არ ჩატარდა საქართველოში ზვიად გამსახურდიას ნეშტის ყოვლად აუცილებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა 1994 წელს (საქართველოდან ჩეჩნეთში გადასვენებისას) და ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა 2007 წელს (ჩეჩნეთიდან საქართველოში გადასვენებისას);

 

2. არ ჩატარდა დროულად საგამომძიებლო ოპერაციები სოფელ ახალ ხიბულაში მოქალაქე ღურცკაიას საცხოვრებელში, რის გამოც დაიკარგა უმნიშვნელოვანესი ნივთმტკიცებები - ცეცხლსასროლი იარაღი, მასრა, ტყვია, სხვ. მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებები და არ ჩატარდა სიკვდილის სცენის სურათის დადგენისთვის აუცილებელი ქმედებები.

 

ზემოთაღნიშნული 1. და 2. დარღვევების გამო სიკვდილის თვითმხილველ მოწმეებს წაგვერთვა თვითმკვლელობის დამასაბუთებელი ყველაზე არსებითი მტკიცებულებები - რითაც უხეშად დაირღვა ჩვენი იურიდიული და ადამიანის უფლებები. ამას გარდა, პროკურატურის მხრივ საპროცესო კოდექსის დარღვევების შედეგად თვითმკვლელობის მტკიცებულებების დაკარგვა-გაქრობის გამო სიკვდილის თვითმხილველი მოწმეები აღმოვჩნდით მასმედიაში უსაფუძვლო ეჭვებითა და ცილისწამებებით ადამიანის უფლებების შემლახველ გარემოში. აგრეთვე მოვითხოვ ზვიად გამსახურდიას „მკვლელობის" გამოძიების შედეგების, დასკვნების გასაჯაროებას.

 

საქართველოს პარლამენტის ყურადღებას ვამახვილებ იმ გარემოებაზე, რომ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში არ იქნა გამახვილებული ყურადღება პროკურატურის მიერ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უხეშ დარღვევებზე და პროკურატურას არ მოეთხოვა ამ დარღვევებზე სათანადო რეაგირება, ამას გარდა დასკვნა შეიცავს ყალბ, ფალსიფიცირებულ მასალებს.

 

ტელევიზიას „რუსთავი 2"-ს ვთხოვ ჩემი ეს განცხადება მიაწვდინოს საქართველოს პროკურატურას, პარლამენტს და თვალი მიადევნოს მათი მხრივ ამ განცხადებაზე რეაგირებას. საქართველოს ადამიანის უფლებების დამცველ და არასამთავრობო იურიდიულ ორგანიზაციებს მივმართავ ყურადღება გაამახვილონ და რეაგირება მოახდინონ ჩემს ამ განცხადებაში აღნიშნულ იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.

 

ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ბესარიონ გუგუშვილი

ფინეთი, ვანტაა, 06.03.2018" - ნათქვამია ბესარიონ გუგუშვილის მიმართვაში.



 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner