logo_geo
eng_logo
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7,5%-მდე შეამცირა
- +

27 აპრილი. 2016. 14:18




საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით - 7,5%-მდე შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.



ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება მიღებულია მაკროეკონომიკურ პროგნოზების გათვალისწინებით, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად აისახა ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე.



ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, წლიური ინფლაცია შემდგომ კვარტალებში ზომიერად შემცირდება და დროებით მიმდინარე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება, ხოლო წლის ბოლოს მიუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს. საპროგნოზო ინფლაციის კლება მნიშვნელოვანწილად ინფლაციური მოლოდინების შემცირებამ განაპირობა.


 

„მარტში წლიური ინფლაცია 4,1%-მდე შემცირდა (თებერვალში ინფლაცია 5,6% იყო). წლიური ინფლაციის კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ერთჯერადი ფაქტორების საბაზო ეფექტის ამოწურვისა და ინფლაციის მოლოდინების შემცირებას.

 

ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 3,0%-ის ფარგლებში იქნება. ბოლო პერიოდში ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა ჰქონდა ინვესტიციების გააქტიურებას, განსაკუთრებით მშენებლობის დარგში. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. თუმცა, ლარით დენომინირებულ სესხებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდის შენელება ასუსტებს ერთობლივ მოთხოვნას. ეკონომიკური ზრდა შენელებული რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში არსებული ეკონომიკური ვითარების უარყოფითი გავლენის გამო, რაც საგარეო მოთხოვნისა და ფულადი გზავნილების შემცირებაში აისახება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი თვლის, რომ საჭირო არის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის დაწყება, რაც გულისხმობს საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებას ნეიტრალურ დონემდე. ეროვნული ბანკის შეფასებით, პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალური დონე საშუალოვადიან პერიოდში 5-6 პროცენტის ფარგლებშია. შედეგად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შერბილების ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის განახლებულ საპროგნოზო მაჩვენებელზე.

 

ამასთანავე, ლარით მოზიდული სახსრების წახალისების მიზნით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 10%-დან 7%-მდე შემცირება. ამავდროულად, მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე განსაზღვრული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 15%-დან 20%-მდე იზრდება.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 15 ივნისს გაიმართება", - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის  ინფორმაციაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner