საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა მიმდინარეობს, რისთვისაც 2 375 341 ლარია გამოყოფილი. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე ახალი სამხედრო ჰოსპიტლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ქუთაისში ამჟამად დასრულებულია ძველი შენობის დემონტაჟი და მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები.
დასავლეთ საქართველოში სამხედრო ჰოსპიტალი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება, სადაც პაციენტები სრულ და მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას მიიღებენ. ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის ამოქმედებას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობისთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს. გარდა ამისა, დაიზოგება ხარჯები და შემცირდება მკურნალობასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები. სამედიცინო ცენტრი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს, მათ ოჯახის წევრებსა და სამხედრო პენსიონერებს მოემსახურება.
ქუთაისიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილე გორში გაემგზავრა, სადაც სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრალური შენობის ფასადის სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა, გარემონტდა სასტერილიზაციო და რეანიმაციის განყოფილებები, მიმდინარეობს სამხედრო კომისიის შენობაზე დამატებით ორი სართულის დაშენება, რომელიც განკუთვნილია რეაბილიტაციის განყოფილებისთვის. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გორის ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა რევაზ კუჭუხიძემ გააცნო.