პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მთელი დღეა ვისმენ სხვადასხვა შეფასებებს. ვკითხულობ განსხვავებულ კომენტარებს და მორიგჯერ ვწერ: ვისაც საღი გონება ჯერ კიდევ არ დაბნელებია, უნდა ხვდებოდეს, რომ პრემიერ-მინისტრის მიმართვაში (რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისადმი) არც მონური დამოკიდებულება დევს, არც ინფანტილური მოლოდინი, არც უთავმოყვარეობის ელემენტი, რაზეც სამარცხვინოდ აპელირებენ ე.წ. ევროატლანტიკელი ლენინელები. ქვეყნის პრემიერ- მინისტრის მიმართვაში მე ვერ ვიგრძენი და ამოვიკითხე ვერც პრორუსული განწყობა, ვერც ენისმოჩლექა და მითუმეტეს, ვერც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უპატივცემულობა და ღალატი. სწორედ ქართველი ხალხის ინტერესების დაცვითაა განპირობებული ამ მიმართვის მთელი სულისკვეთება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ახალგაზრდა ქართველი კაცის, ჩვენი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ასე უღვთოდ ჭიანურდება და ასე იტანჯება ტატუნაშვილების ოჯახი... მათთან ერთად, მთელი საქართველო. მაქვს მოლოდინი, რომ იქნება რეაქცია პატრიარქის უმნიშვნელოვანეს წერილზე. იქნება რეაქცია კვირიკაშვილის მიმართვაზე... წესით და ყველანაირი ლოგიკით, ამ რეაქციამ არ უნდა დააყოვნოს.
რა ვქნათ, მძიმეა ეს გზა, ყველას გვესმის. ამიტომაცაა ამდენი თავდასხმა, შეურაცხყოფა, მორალური ტერორი... მაგრამ როცა ისეთ ქვეყანას მართავ, როგორიც საქართველოა, მზად უნდა იყო: ქართული საქმის და იდეის მსახურების გამო, აქ ჯვარზე გაგაკრავენ.
ჩვენს საზოგადოებას კი მინდა ვუთხრა: ნუ იპრანჭებით, ხმა ამოიღეთ, მხარი დაუჭირეთ პრემიერის პოზიციას. ნუ ექვემდებარებით ბოკერიებისა და ბერძენიშვილ-ხიდაშელების დღის წესრიგს. ეს ის ხალხია, ვისთვისაც სამშობლო არ არსებობს", - წერს ინაშვილი.