ავტორი ალა გრიგალაშვილი
ახალდაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი „სავსე გულით" პატიმრობაში მყოფი ადამიანებისა და ემიგრანტთა ოჯახების დახმარებას იწყებს. როგორც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭილაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა, ფონდის საქმიანობა წარმართული იქნება არა ერთჯერადი დონაციისკენ, არამედ მას ექნება პერმანენტული ხასიათი.
ჭილაშვილის განმარტებით, პროგრამაში ჩასართავად საჭიროა, პატიმარს უკვე მისჯილი ჰქონდეს სასჯელი; პატიმრობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანის ოჯახი, რომელიც ფიქსირდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში; იმ პატიმრის ოჯახი, სადაც ცხოვრობს შშმ პირი; პატიმრის ოჯახები, სადაც ცხოვრობს არასრულწლოვანი ბავშვი (0-18); პროგრამაში მონაწილეობის უფლება მიეცემათ იმ პატიმრის ოჯახებს, რომლებსაც მიესაჯათ ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ფონდი იფუნქციონირებს შემოწირულობებით, თუმცა მას ექნება თანხების მოძიების საკუთარი წყაროებიც. „ფონდი ვამზადებთ სხვადასხვა სახის პროდუქტს. თუ რა სახის პროდუქტი იქნება, ამას ჩვენი ფონდის პრეზენტაციაზე გავაჟღერებთ. ეს პროდუქტი მოგვცემს იმას, რომ ფონდს ექნება პირველადი თანხების მოძიების თავისივე წყარო და არ ვიქნებით დამოკიდებული ერთჯერად დონაციაზე", - განაცხადა ჭილაშვილმა.
პროგრამის სერვისები მოიცავს სოციალური მუშაკის მომსახურებას; ფსიქოლოგიური კონსულტაცია/დახმარება; მცირე ბიზნესის საგრანტო პროგრამა; განათლება და პროფესიული გადამზადება; იურიდიული დახმარება; პატიმრის არასრულწლოვანი შვილებისთვის სხვადასხვა სპორტულ-საგანმანათლებლო სწავლებების დაფინანსება; სოციალურად დაუცველი პატიმრის სტუდენტი შვილებისთვის სწავლის დაფინანსება.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, პროგრამის მიზანს წარმოადგენს პატიმრობაში მყოფი ადამიანის ოჯახის წევრების პიროვნული და პროფესიული გაძლიერება, რათა მომავალში დამოუკიდებლად განაგრძონ ღირსეული ცხოვრება, გაუუმჯობესდეთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და აღარ იყვნენ დამოკიდებული სხვადასხვა სოციალურ დახმარებებზე.
ფონდი განახორციელებს მცირე ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამას, რომელიც ემსახურება პატიმრობაში მყოფი ადამიანის ოჯახის წევრების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჭილაშვილის თქმით, პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა ის ოჯახი, რომლებიც გაივლიან ფონდის მიერ შემუშავებულ მოსამზადებელ პერიოდს. დაფინანსების მიღებამდე ოჯახის წევრებს გაეწევათ კონსულტაცია შესაბამისი დარგის სპეციალისტის მიერ, რაც ოჯახს შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს მეტი ინფორმაცია მის მიერ შექმნილი ბიზნეს-იდეის შესახებ. ექსპერტების მიერ დადებითი შეფასების შემდეგ ოჯახის წევრები გაივლიან სხვადასხვა მიმართულებით პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების ტრენინგ-კურსებს, რაც მათ შესძენს შესაბამის კომპეტენციას, სწორად აწარმოონ ფონდის მიერ დაფინანსებული საკუთარი მცირე ბიზნესი. ჭილაშვილის განმარტებით, ფონდი იღებს ვალდებულებას, რომ ბენეფიციარს მომავალი ორი წლის მანძილზე გაუწიოს ბიზნესისთვის საჭირო პროფესიული კონსულტაცია.
„პროგრამის ფარგლებში თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებული ბიზნეს-გრანტის ოდენობა იქნება 500-დან 6000 ლარამდე. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის მიერ შემოტანილი ბიზნეს-ინიციატივა გადააჭარბებს 6000 ლარს, მაშინ ფონდის თანადაფინანსებით შესაძლებელი იქნება სახელმწიფოსთან ან სხვა საფინანსო ორგანიზაციასთან ერთად მოხდეს ბიზნესის სრულად დაფინანსება", - განაცხადა ჭილაშვილმა.
მცირე ბიზნესის საგრანტო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ემიგრაციაში მყოფი ქართველების ოჯახები. პროგრამის მიზანია, ფონდის დახმარებით თითოეულ ოჯახს ხელი შეეწყოს სხვადასხვა სფეროში მცირე ბიზნესის დასაწყებად. ფონდი ემიგრანტს და მის ოჯახის წევრს სთავაზობს სხვადასხვა სახის კონსულტაციას და შუამდგომლობას სახელმწიფო უწყებებთან, რაც ოჯახს მისცემს შესაძლებლობას, შექმნას კონკურენტუნარიანი პროდუქტი.
„აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ემიგრაციაში მყოფი ადამიანი ახდენს შემოსავლის ნაწილის დაბანდებას მცირე ბიზნესის საგრანტო პროგრამის მიხედვით გათვალისწინებულ საქმიანობაში თავისი სურვილის შესაბამისად, რის შემდგომადაც ჩვენი პროგრამის ფარგლებში იწყება მისი ოჯახის წევრების ჩართვა უშუალოდ ბიზნეს-იდეის განხორციელებაში, რაც თავის მხრივ ნიშნავს ემიგრანტის ოჯახის სიძლიერეს და შემოსავლისუნარიანობას", - განაცხადა ჭილაშვილმა.
საქველმოქმედო ფონდის „სავსე გულით" პრეზენტაცია მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.