„თურმე კვირიკაშვილის მიმართვა ქართველი ხალხის შეურაცხყოფა ყოფილა და რასაც პატიმრებს უკეთებდნენ, ის არაადამიანური მარაზმი - ღირსეული საქციელი!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თურმე კვირიკაშვილის მიმართვა ნიშნავს კოლაბორაციონიზმს და „ვარდების რევოლუციაზე" ივანოვის მოპატიჟება ქართული სახელმწიფოებრიობის პატივისცემის გამოხატულება იყო! ისე, რუსეთს მაშინაც ჰქონდა წაღებული ცხინვალი და სოხუმი.
თურმე კვირიკაშვილის მიმართვა ღალატია და შენი მიწის 22%-ს რომ კურდღელივით გააჩუქებ ოკუპანტზე, ეს სამშობლოს სამსახურია!
თურმე კვირიკაშვილმა კრემლს თავი წაუხარა და კრემლს რომ ერთგულებას უმტკიცებდნენ, ის სააკაშვილ-ბოკერიები აწეული თავებით „ემსახურებოდნენ" სამშობლოს. თან, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ერთგულებას ეფიცებოდნენ.
აფრასიძეების მკვლელ გია ბარამიძეს და საბიუჯეტო სახსრების მიმტაცებელ უგულავასაც უნდა დავუსვათ კითხვა,- რას დარბოდნენ ოკუპანტთან 2000-იან წლებში?
თურმე კვირიკაშვილმა გაყიდა ჩვენი საგარეო ვექტორი და კოდორის და ახალგორის ჩაბარება - გაყიდვამ მხოლოდ დაგვაახლოვა NATO-სთან. MAP-ზე უკეთესში ვართ და გოიმებს, ეს არ გვესმის.
რამდენი „თურმე" შემიძლია გავიხსენო. მაგალითად, თურმე ნებისმიერი ქვეყნის შტატიანი აგენტობა საამაყოა... განსაკუთრებით, ამერიკის და თურქეთის, ხოლო თუ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგზე საუბრობ, ეს ნიშნავს რუსეთის აგენტობას, რაც позор-ია. ჩემთვის, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, რუსეთის აგენტობა და ამერიკის აგენტობა ერთნაირი позор-ია.
უკაცრავად, რამე რომ იყოს, დათო ბაქრაძე მზადაა ჩვენს ოჯახებს დანა-ჩანგლით შვილების დაცვა ისევ ასწავლოს? თუ ახლა სადღაც სოფელშია და კამერების თანხლებით იმ პენსიონერს ამშვიდებს, კბილები რომ დააცალეს „ღიმილიანი საქართველოსთვის"?!" - წერს ირმა ინაშვილი.