„მოგმართავთ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც საღად აფასებს პროცესებს..." - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პრემიერის მიმართვის გავრცელების შემდეგ, დაიწყო მძაფრი პოლემიკა,- საჭიროა თუ არა პირდაპირი დიალოგი სოხუმთან და ცხინვალთან, ასევე, რუსულ მხარესთან. დააკვირდით, რაზე გვიწევს კამათი. შევთანხმდით, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწები? ვიყვიროთ ეს, თუ უბრალოდ, აღვნიშნოთ, როგორც ფაქტი, როგორც მოცემულობა. აღვნიშნოთ, როგორც მოცემულობა! კი, ბატონო, მაშინ გავაანალიზოთ ვითარება. არსებობს ჟენევის ფორმატი, რომელიც, ჩემი აზრით, ჩვენთან ერთად კიდეც დაბერდა და რომელმაც ყველა შემთხვევაში მაინც უნდა იარსებოს. არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომლის პროფილიც ეკონომიკურია და არა პოლიტიკური და სხვა არ არსებობს არაფერი.
ბოკერია-ბერძენიშვილები, იგივე თითქოსდა ევროატლანტიკური კურსის მიმდევრები და სინამდვილეში - სამშობლოს გამყიდველები, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივი იდეოლოგიური ტერორის რეჟიმს უქმნიან. თუ საქართველოს ხელისუფლება გაბედავს და იტყვის, რომ მზადაა პირდაპირ დიალოგზე სოხუმთან, ცხინვალთან და რუსულ მხარესთან, რაც გაკეთა კიდეც პრემიერმა კვირიკაშვილმა, ბოკერია-ბერძენიშვილები მონოტონურად იწყებენ შეტევას, რომ ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, საგარეო კურსის შეტრიალება, სამარცხვინო კაპიტულაცია და ა.შ.
დღეს აქცენტირება მსურს იმაზე, რა უბედურებაში ვართ, ვინ გვესაუბრება კაპიტულაციასა და ღალატზე. მოგმართავთ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც საღად აფასებს პროცესებს და ზუსტად ესმის, რომ პირდაპირი დიალოგის გარეშე წარმოუდგენელია ფიქრიც კი აფხაზებთან და ოსებთან ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე. ქართველმა ხალხმა უნდა გარდატეხოს ბოკერია-ბერძენიშვილების დღის წესრიგი. სამარცხვინო უნდა გახდეს მათი აზრის არა მარტო ტირაჟირება, არამედ მოსმენა და მითუმეტეს, გათვალისწინება. საზოგადოებამ, ხალხმა უნდა აგრძნობინოს ხელისუფლებას, რომ ის მარტო არაა ბოკერია-ბერძენიშვილების პირისპირ, რომ ხელისუფლების მოკავშირეა მოსახელობის უდიდესი ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს პირდაპირი დიალოგის ფორმატს და ინიციატივას.
ხომ ხვდებით, რომ ახლა იტესტება პრემიერის მიმართვა, როგორ შეაფასებს ამას ხალხი, როგორ შეაფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა, როგორ შეაფასებენ თვითონ აფხაზები, ოსები და რუსული მხარე. ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ხდება დაკვირვება და შედეგიც იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მყარად დავიცავთ ჩვენს პოზიციას ბოკერია-ბერძენიშვილებისაგან.
აი, ამიტომაა აუცილებელი ყოველი თქვენგანის აქტიურობა. ხელისუფლება თუ იგრძნობს ხალხის მხარდაჭერას, გაცილებით გაუადვილდება დასავლეთთან საუბარი და გაუადვილდება ბოკერიას „შტუკების" მოგერიება. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ საჭირო გახდეს მასშტაბური მსვლელობის ორგანიზება, რომ დასავლეთმა დაინახოს, რამდენი ადამიანი უჭერს ქვეყანაში მხარს პირდაპირი დიალოგის დაწყებას. მზად ხართ, რომ შემოუერთდეთ ასეთი სახის აქციას, თქვენი აზრი გამიზიარეთ.
რადგან აფხაზები ვახსენე, რამდენიმე ფრაზა ადა მარშანიას შესახებ მინდა დავწერო. თქვენ გესმით, რომ ადა მარშანია ერთადერთი აფხაზი დეპუტატი მანდილოსანია საქართველოს პარლამენტში, რომელიც სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. ეს ერთადერთი აფხაზი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში იღწვის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს. აფხაზი ადა მარშანია ქართული საქმისთვის იბრძვის და ჩვენ... ამ ერთი აფხაზი დეპუტატის არ გვესმის, მისი ტკივილი არ გვინდა გავიგოთ და აფხაზებთან ლაპარაკს ( პირდაპირი ან არაპირდაპირი დიალოგის გზით) როგორ ვაპირებთ? ბევრჯერ მიფიქრია, რამდენს იტანს ადა მარშანია აფხაზეთის გამო, საქართველოს გამო... რამდენ შეურაცხყოფას, რამდენ ცინიზმს, რამდენი ღვარძლია მის გარშემო. ნაცვლად იმისა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიას სწორედ ადა მარშანია ხელმძღვანელობდეს, ესეც ვერ გავიმეტეთ. სიტყვით გამოდის და დარბაზში ისეთი ხმაურია, შთაბეჭდილება მრჩება, რომ დეპუტატების უმრავლესობას ყველაფერი აინტერესებს, აფხაზეთის გარდა. საგარეო დაზვერვის უფროსთან შეხვედრისას, როცა შეკითხვა დაისვა, სწორედ ადა მარშანია გვპასუხობდა, რამდენი ქართველი ცხოვრობს დღეს აფხაზეთში, რამდენი აფხაზი და რამდენი სომეხი. მან ზუსტი ციფრები დაასახელა. მე რომ ხელისუფლება ვიყო, მაქსიმალურად გამოვიყენებდი ადა მარშანიას რესურსს, როგორც საქართველოს ერთიანობის მხარდამჭერი აფხაზი დეპუტატის რესურსს, მაგრამ ამის ნაცვლად, ადა მარშანია მუდმივი დარტყმების ეპიცენტრშია. ახლა მე რომ აფხაზი ვიყო და სოხუმში, სახლში ტელევიზიით ვუყურებდე საქართველოს პარლამენტის სხდომას, არ ვიფიქრებდი: რა უნდოდა ამ ქალს თბილისში, დაჩენილიყო სოხუმში და აფხაზები ხელის გულზე მაინც ვატარებდით. იმედი მაქვს, ზუსტად გამიგეთ, რისი თქმა მსურდა. ჩვენი მრავალწლიანი უბედურების მიზეზი საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ და არა მარტო სხვებში", - წერს ირმა ინაშვილი.