ამ წერილით მინდა მივმართო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნანა დევდარიანს:
ამა წლის 3 ნოემბერს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერში, კოკა ყანდიაშვილის პროგრამაში „რა ხდება", ე.წ. „ნაციონალების" - კობა დავითაშვილის, დიტო ქიტოშვილისა და მათი ლიდერის მიხეილ სააკაშვილისაგან მიწოდებული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე, თქვენ გააკეთეთ ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს #10 გლდანის საარჩევნო ოლქში 2 ნოემბერს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრის დროს დაფიქსირდა სიყალბე საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, ჩემთვის მოცემული ამომრჩეველთა ხმების ხელოვნურად გაზრდის სახით. ასეთი გადაუმოწმებელი და ნაჩქარევი დასკვნის გაკეთება თქვენის მხრივ წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას და უნდა შეფასდეს, როგორც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება. ეს გამოიხატა საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში უკანონო ჩარევასა და მასზე ზეწოლაში, რის შედეგად მას არ მიეცა კანონით დადგენილ 4-დღიან ვადაში ოქმების გადამოწმებისა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის საშუალება.
გამოვთქვამ რა პროტესტს თქვენს მიერ გავრცელებული ამ დეზინფორმაციის გამო, გაცნობებთ, რომ სინამდვილეში საქმე ასე გახლავთ: 2003 წლის 3 ნოემბერს, ღამით, დაახლოებით 3 საათზე, მაშინ, როდესაც საუბნო კომისიებიდან შემოსვლა იწყო დალუქულმა საარჩევნო დოკუმენტაციამ, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოთახში შეიჭრნენ საარჩევნო ბლოკი "სააკაშვილი - ნაციონალების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა დავითაშვილი, ამავე ბლოკის წარმომადგენელი ცესკოში დიტო ქიტოშვილი და მათი თანმხლები პირები. მათ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით გაიტაცეს ახლადშემოსული დალუქული დოკუმენტები, კერძოდ, საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები, რა დროსაც მძიმე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს კომისიის თავმჯდომარეს, წევრებს, ხოლო კომისიის მდივანს რუიზან გელაშვილს ხელითაც კი შეეხნენ. ამის შემდეგ კი მათ განაცხადეს, რომ თითქოს შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია და მათში არის შესწორებები ხმების გაზრდის მიზნით. არადა, ეს ოქმები თვით კომისიის წევრებს დადგენილი წესით არ უნახავთ და ამდენად, ვერავინ დაადასტურებს, ნამდვილად იყო თუ არა ოქმები გაყალბებული. ხოლო, თუ ისინი მართლაც არის გაყალბებული, მაშინ ეს თვით ამ პირების მიერ პროვოცირებულ ქმედებად უნდა ჩაითვალოს, რადგან გატაცების შემდეგ მხოლოდ მათ ჰქონდათ ამის ჩადენის საშუალება.
„ნაციონალების" ასეთი დანაშაულებრივი პროვოკაცია გამიზნული იყო საარჩევნო კომისიის მუშაობის ჩაშლისაკენ, რასაც მიაღწიეს კიდეც. ამის გამო, საარჩევნო კომისიას არ მიეცა საშუალება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით მოეხდინა საუბნო კომისიებიდან შემოსული დოკუმენტაციების გადამოწმება და მათში შეტანილი მონაცემების სისწორის დადგენა.
ამ ფაქტთან და, ასევე, გლდანის საარჩევნო ოლქის მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული დარღვევების გამო, ჩვენის მხრივ კანონით გათვალისწინებული რეაგირების მიზნით, საოლქო კომისიასა და სამართალდამცავ ორგანოებში შეტანილია განცხადებები აღნიშნულ უბნებში არჩევნების ბათილად ცნობის და ამის საფუძველზე #10 გლდანის საარჩევნო ოლქში არჩევნების ჩაშლილად მისაჩნევად. ასეთ ვითარებაში კი ყოვლად დაუშვებელია თქვენს მიერ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება მომხდართან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ამ საკითხზე ჯერ არ არის მიღებული სათანადო სამართლებრივი გადაწყვეტილება. სხვათა შორის, მეტად საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ოქმების გამტაცებლები მოქმედებდნენ ცესკოს თავმჯდომარის სახელით, რისი საფუძვლიანობაც თქვენი განცხადების ფონზე საეჭვოდ დასტურდება. ხოლო, თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ მე იძულებული ვიქნები, თქვენ პირადად დაგადანაშაულოთ ამ არეულობის ორგანიზებაში და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დღეიდან 24 საათის განმავლობაში თქვენივე განცხადებით არ უარყოფთ ჩემს მიმართ გამოთქმულ ბრალდებასა და დეზინფორმაციას, ვიტოვებ უფლებას მივმართო შესაბამის სასამართლოს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და უფლებამოსილების გადაცილების მოტივით თქვენი პასუხისმგებლობის შესახებ.
ქალბატონო ნანა! მე თქვენგან, როგორც ჩემთვის საპატივცემულო პიროვნებისა და, რაც მთავარია, ოფიციალური პირისაგან მეწყინა და მეტკინა, თორემ რას იტყვიან ან რას დაწერენ ე.წ. „ნაციონალები" ჩემზე, არც მაინტერესებს და არც მწყინს!
მე ზნეობრივი და მორალური კაპიტალის გარდა სხვა კაპიტალი არ გამაჩნია და მისი ხელყოფის უფლებას არავის მივცემ!
პატივისცემით, გურამ შარაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი,
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი, ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
სახელმწიფო პრემიების ლაურეატი
4 ნოემბერი, 2003