„საქართველოში რეალურად სახეზეა ფარული სამოქალაქო ომის ნიშნები, ქვეყნის მტრებსა და მოკეთეებს შორის", - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ამ ფარულ სამოქალაქო და საინფორმაციო ომს აქვს სამი ძირითადი მინდორი:
1. მედია;
2. საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები;
3. საგანმანათლებლო დაწესებულებები: უნივერსიტეტები და სკოლები, სადაც ე.წ. ევროატლანტიკელი ლენინელები ლექციებს კითხულობენ და ახალგაზრდობის ცნობიერებაზე მიზანმიმართულად მუშაობენ. ამ მუშაობის მთავარი მიზანი ისაა, რომ მოდური გახდეს ყვირილი: „რუსეთი ოკუპანტია" და გოიმობად ითვლებოდეს საუბარი სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგზე. გნებავთ, რუსულ მხარესთან დიალოგზე. სამწუხაროდ, საღი აზროვნება უკანა პლანზეა. წინ მშრალი ლოზუნგებია, სპეციალური სემინარები, ექსკურსიები, დისკუსიები... გულწრფელია ეს თაობა. უყვარს თავისი ქვეყანა. წესიერი და ნიჭიერია. სიბრძნეც არ აკლია მიხვდეს, რომ სოხუმი და ცხინვალი ჩვენი მთავარი ტკივილია... და სოხუმისა და ცხინვალისაკენ მიმავალი გზა ჯერ იწყება ოსებთან და აფხაზებთან საუბრის მონაკვეთით. აქაც ბევრია მტერი და არაკეთილმოსურნე. ასეთებმა მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი და გიგა ოთხოზორია. მკვლელებმა, რომლებსაც არა აქვთ ეროვნება და რომლებიც სინამდვილეში ოსსაც მოკლავენ, აფხაზსაც, უკრაინელსაც, იეზიდსაც და რუსსაც.
არჩილს პირადად ვიცნობდი. წილკანში შევხვდი, როცა საარჩევნო შეხვედრები მქონდა. ჩვენი მხარდამჭერი იყო. ვამატებ ფრაზას: ჩვენს დეპუტატს გალინა აღსაბაძეს ეხმარებოდა. ქალბატონი გალინას დედა ტატუნაშვილია. ერთი სოფლიდან აქვთ ძირი. საოცრად წესიერი, ქართული სულის ვაჟკაცი იყო. გვეხმარებოდა. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელი შეეცადა მოეკლა ჩვენი ურთიერთობები ოსებთან. ეს იყო მისი მიზანი. როგორ უნდა იქცეოდეს საქართველოს ხელისუფლება? სამაგალითოდ უნდა სჯიდეს დამნაშავეებს. ისე, როგორც ამას ისრაელის სახელმწიფო აკეთებდა და აკეთებს. იპოვა. დააკავა. მოიტაცა. გასცა ადეკვატური პასუხი! მაგრამ დააკვირდით: ეს ადეკვატური პასუხი მკვლელებს უნდა გავცეთ და არა ოსებს ან აფხაზებს. ამ დიდი ტრაგედიის ვითარებაშიც კი, უნდა გვახსოვდეს, რომ ტატუნაშვილის მკვლელი გაგლოევსაც მოკლავს და ოსებთან არ უნდა ჩავტეხოთ ძმობის და ნათესაობის ხიდი. პირიქით", - წერს ირმა ინაშვილი.