-
+
13 მარტი. 2018. 00:50
„ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები მაქსიმალურად დაიცვას და არავითარ შემთხვევაში არ ვართ ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარიმა გამოიწეროს", - ამის შესახებ შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.
„შსს-სთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი საგზაო უსაფრთხოების განმტკიცებაა და სწორედ ამ მიზნით ტარდება ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.
ახალი რეგულაციების შედეგი ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებული რაოდენობა იქნება და რაც ყველაზე მთავარია - ნაკლები ისეთი შემთხვევა, რომელიც ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო წლის სტატისტიკა და ის დადებითი დინამიკა, რაც სტატისტიკაში აისახა. ვფიქრობთ, კომპლექსური ღონისძიებები თავის შედეგს უკვე იძლევა და გვეამაყება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების თვალსაზრისით, თუნდაც მიმდინარე წელს დადებითი სტატისტიკა გვაქვს", - განაცხადა არსოშვილმა.