გრძელი ანალიზის ნაცვლად:
პრემიერს არ უნდა ახალი ომი რუსეთთან. ნაცებს უნდათ. სტატუს ქვო შენარჩუნდება, იმიტომ რომ ნაცების გარდა, საქართველოში სიტუაციის არევა დღეს არც რუსეთს სჭირდება, არც ამერიკას და არც სეპარატისტებს. პრემიერის პოლიტიკა სწორედ სტატუს ქვოს შენარჩუნებაა.
საქართველო არ არის ცივილიზებული სამყარო. ეს არის პატარა ქვეყანა, რომელიც გაჩხერილია დიდ იმპერიებს შორის, რომელსაც ძალიან უნდა ევროპის და NATO-ს ფრთის ქვეშ ყოფნა, მაგრამ რომელსაც ორივე აგერ 18 წელია, მხარზე ხელს უთათუნებენ და ამშვიდებენ - ჯერ ვერ მიგიღებთ, რუსეთთან ვერ დავძაბავთ, ცოტაც მოითმინეთო. ჩვენც ვითმენთ, რომ ამასობაში არ გადაგვთელოს რუსეთმა, ჰოდა გიორგი კვირიკაშვილიც ითმენს და დროს წელავს. ეს იდიოტიზმი არაა, პრაგმატული და სწორი სვლაა..
მეტი საქმე არ აქვს პუტინს, იმაზე ოცნებობდეს - კვირიკაშვილი ოთხზე მომიხოხდესო. მაგას ერთი ინტერესი აქვს, საქართველოში არ დადგეს ამერიკული ან NATO-ს პრო. საქართველოს დათრევა რომ სდომოდა, 2008-ში 60 კილომეტრსაც გაივლიდა ან მერე გამოიყენებდა ეკონომიკურ ბერკეტებს და თან ისე, რომ აქაური მოსახლეობის დიდი ნაწილი ტაშს დაუკრავდა.
მგონი დიპლომატიის მთელი მუღამი თეთრი და შავი დროშების ფრიალი კი არა, სწორი ბალანსირებაა გარემო რეალობისა და საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებით. არ უნდა ჩავბარებოდით, მაგრამ არც საბაბი უნდა მიგვეცა შემოჭრისთვის. სააკაშვილმა მისცა საბაბი, ქართველმა ჯარისკაცებმა კი თავი გასწირეს. მსხვერპლი ნაკლები იქნებოდა, ჩვენ გენერალიტეტს დაგეგმვაში და ზურგში ნაკლები შეცდომები რომ დაეშვა. სხვათაშორის ამის გამო დასჯილები არ მინახავს. ეგ ცალკე თემაა. დღევანდელ რეალობაში ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომლის 25% ოკუპირებული აქვს რუსეთს და არ გვაქვს არანაირი რეალური შესაძლებლობა არათუ ამ ტერიტორიების ძალით დაბრუნების, არამედ დანარჩენი ტერიტორიების შენარჩუნებისთვისაც. დასავლეთის მხარდაჭერა მართალია არის, მაგრამ სუსტი და უფრო ფორმალურია, ფორმალური იყო სარკოზის ჩარევაც მაშინ. მისი შუამავლობით რა მოვიგეთ? არაფერი. მადლობა სარკოზისაც და დასავლეთსაც, მაგრამ რეალობაში საქართველომ ვერაფერი მოიგო, თუ არ ჩავთვლით სამეგრელოდან ბლოკპოსტის გაყვანას, მაგრამ ეგ უფრო რუსეთის ნება იყო ვიდრე შიში. არ ვამტყუნებ დასავლეთს, მე რომ ვიჯდე ბრუსელში, მეც ასევე მოვიქცეოდი, როგორც იქცევა ევროპაც და NATO-ც. რუსეთის პრეზიდენტი რომ ვიყო, მეც პუტინივით მოვიქცეოდი, იმიტომ რომ ვიზრუნებდი ჩემი ძლიერი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. რუსეთის ადგილზე საქართველო რომ ყოფილიყო, ისიც იგივენაირად მოიქცეოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველას ამოძრავებს თავის ინტერესები. აქ არჩევანია რუსეთის გაღიზიანებასა და არგაღიზიანებას შორის. მე ვარჩევ არგაღიზიანებას, იმიტომ რომ ჯერ არც თავი გვაქვს, არც ზურგი და არც ერთი ადგილი. კვირიკაშვილის მესიჯიც გასაგებია ისე, როგორც არის, არც მეტი, არც ნაკლები, ძალიან მოზომილი, ღირსეული და კონსტრუქციული...
გიორგი უძილაური.