ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობიდან 18 წლის შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში შესაძლო ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, P.S.-ს მსჯავრდებული კონსტანტინე ციხისთავი დაუკავშირდა, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობის დამკვეთებს შორის შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს თამაზ თამაზაშვილს ასახელებს.
„აიპრესისითვის" ცნობილი გახდა, რომ თამაზ თამაზაშვილის შვილის, მე-8 მოწვევის დეპუტატის ლექსო თამაზაშვილის შეკვეთილ მკვლელობასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი მსჯავრდებული უკვე დიდი ხანია დაკითხვას ითხოვს. მან ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს რამდენჯერმე მიმართა. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია და რატომ ფიგურირებს გიორგი სანაიას მკველობის საქმეში თამაზ თამაზაშვილის სახელი და გვარი, ამასთან დაკავშირებით „აიპრესი" თამაზ თამაზაშვილის ადვოკატს ლილიკო გელაშვილს ესაუბრა.
ლილიკო გელაშვილი: ის ბრალდება, რასაც გიორგი სანაიასთან დაკავშირებით თამაზ თამაზაშვილის მიმართ აჟღერებენ დაინტერესებული პირები, უმძიმესია.
ერთადერთ წინადადებაზე ამახვილებენ ყურადღებას, თითქოსდა ის პატიმარი თამაზაშვილს დამკვეთად ასახელებს, თუმცა, ციხისთავი ერთ მტკიცებულებასაც ვერ ასახელებს და შემიძლია გითხრათ, ვერც დაასახელებს.იმიტომ, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს.
ის რაც „რუსთავი 2"-ზე ითქვა სერიოზული ბრალდებაა... ასევ გვაქვს ინფორმაცია, რომ თამაზ თამაზაშვილი იყო პირველი, ვინც ითხოვდა გიორგი სანაიას საქმის ხელახალ გამოძიებას...
ჩვენთვის მარათონი კი არ არის, ვინ დაიწყო და ვინ არ დაიწყო გამოძიება ამ კონკრეტულ ფაქტზე. ჩვენ თვითონ მივმართეთ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით და ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ თამაზ თამაზაშვილს ამ საქმეში დასამალი არაფერი აქვს.
როდესაც 18-ში გავიდა „რუსთავი 2"-ით ეს სიუჟეტი, მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ და სხვა არაფერი - თამაზაშვილი ეხსენებინათ
მაშინ აღშფოთებულმა დამირეკა თამაზ თამაზაშვილმა და მითხრა, რომ რამდენიმე წელი დაუმსახურებლად, უსაფუძვლოდ , ყოველგვარი კონკრეტიზაციისა და მტკიცებულების გარეშე მისი სახელის ლაფში ამოსვრა მიმდინარეობდა მედიაში, მაგრამ ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილი იყო თანამდებობაზე, მას ჰქონდა თმენის გარკვეული ვალდებულებები და ამას ყურადღებას არ აქცევდა. მაგრამ სანაიას მკვლელობაზე მომზადებულ სიუჟეტში, მისი სახელისა და გვარის ხსენებამ აღაშფოთა და თქვა, რომ ამ საქმეს ის ბოლომდე მიყვებოდა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ თვითონ შევიტანეთ თამაზ თამაზაშვილის სახელით განცხადება პროკურატურაში. ჩვენი მიზანი იყო, რომ „რუსთავი 2"-ის სიუჟეტში გასული თემის ირგვლივ დაწყებულიყო გამოძიება, დაკითხულიყო თამაზ თამაზაშვილი და ყველა ის პირი, ვისაც ასახელებს ციხისთავი. უფრო მეტიც, ასე ცალსახად არ შემოვიფარგლებით ამ თემით, თამაზაშვილი დარწმუნებულია და ზუსტად იცის, რომ მონაწილეობა არ მიუღია და არავისთვის მიუცია არანაირი შეკვეთა, ამის გააზრებაც კი შეურაცხმყოფელია, ამიტომ უნდა დადგინდეს, ვინ დგას ციხისთავის უკან და ვინ აძლევს ასეთ დაკვეთას.
თამაზ თამაზაშვილი არ ემალება გამოძიებას, პირიქით, მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ყველა ინფორმაცია, რაც მას აქვს და ჰქონდა თანამდებობაზე მუშაობის დროს, მიაწოდოს.
რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი და სანაიას ოჯახის წევრებმაც განაცხადეს ამის შესახებ, რომ შეხვდნენ პროკურატურის წარმომადგენლებს. მაგრამ მე ხაზს ვუსვამ, ეს იყო შეხვედრა და არა დაკითხვა ან გამოკითხვა. 2 მარტს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიწყო გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ მოლოდინში, რომ დაგვიბარებენ და დავიკითხებით.
- „აიპრესის" ინფორმაციით ერთ-ერთი პატიმარი აცხადებს, რომ თამაზ თამაზაშვილის შვილის, ყოფილი დეპუტატის მკვლელობას უკვეთავდნენ, რაზეც დაკითხვას ითხოვს... თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
- მე მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ გამიკვირდა რომ თქვენ მეკითხებით, რადგან ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაგვიკეთებია გარკვეული მიზეზების გამო. ერთია, რომ მომაწოდეს ინფორმაცია და მეორეა, რომ მე იურისტი ვარ და ინფორმაციის მოწოდების დონეზე არ ვაკეთებ განცხადებებს. თუმცა, კონკრეტული გვარებით და სახელებით ვიცი...
- როგორც გვაქვს ინფორმაცია, მსჯავრდებულმა დაკითხვის მოთხოვნით სასჯელაღსრულების მინისტრს რამდენჯერმე მიმართა...
- სწორი ინფორმაცია გაქვთ და შემიძლია დაგიდასტუროთ. უფრო მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ეს ინფორმაცია ჩვენთვის გახდა ცნობილი, შევხვდით სასჯელაღსრულების მინისტრს... სხვათა შორის კითხვის ნიშანი აქაც დამოკლეს მახვილივით არის ჩამოკიდებული. როგორც გავიგე, დაკითხვის მოთხოვნით სიუჟეტის გასვლის შემდეგ კი არ მიუმართავს, არამედ ადრე გაუკეთებია განცხადება მსჯავრდებულს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია და შეეძლო დაესახელებინა პირები, რომლებმაც შეუკვეთეს თამაზ თამაზაშვილის შვილის, ლექსო თამაზაშვილის მკვლელობა.
პირობას გაძლევთ, ამ საკითხს საჯაროს გავხდით, თუმცა რას მოვიმოქმედებთ, ამ ეტაპზე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად რომ ვთქვა.
ჩვენ მოვითხოვთ ამ პატიმართან ოფიციალურ შეხვედრას და თუ ის დაგვიდასტურებს ყველა ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას.
პოზიცია არის ცალსახა, 2011 წლიდან, როცა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლაზე განცხადება გააკეთა, 4 დღეში დააკავეს მისი მარჯვენა ხელის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი. იგი დააკავეს იარაღზე, რომელიც უვარგისი იყო და ამის ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს. ანუ ავტომატი, რომელიც მას მანქანაში თავის პროდუქტებთან ერთად ჩაუდეს, იყო უვარგისი. მაშინ დავსვით კითხვა, რატომ უნდა ეტარებინა გენერალ კაცს უვარგისი ავტომატი, როცა სეიფში ჰქონდა შენახული სროლისთვის კარგი იარაღი... რა თქმა უნდა, ეს კითხვა „ნაცმოძრაობის" ხელისუფლების პირობებში უპასუხოდ დარჩა.
გიორგი სანაიას მკვლელობა მოხდა 2001 წელს. 2003 წლიდან „ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში და უფრო მეტს გეტყვით, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, ვინც მაშინ სამართალდამცავ სტრუქტურებში იყო, ცოცხლები არიან. „რუსთავის 2"-ის ამჟამინდელი დირექტორი იმ პერიოდში თავად იყო მაღალ თანამდებობებზე, იყო მთავარი პროკურორის მოადგილე. როგორ ფიქრობთ, თუ მათ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე რეალურად აინტერესებდათ, თუ რამე კითხვის ნიშანი ჰქონდათ, არ შეეძლოთ 9 წლის განმავლობაში რამის გაკეთება?! ყველა საკვანძო სამართალდამცავ სტრუქტურებში მათი წარმომადგენლები იყვნენ. თვითონ ნიკა გვარამია იყო, აღარ მინდა სხვები დავასახელო. მაშინ, როცა გამადიდებელი შუშით ეძებდნენ ირაკლი ღარიბაშვილისა და თამაზ თამაზაშვილის მაკომპრომატირებელ ინფორმაციებს, ვერ მოიძიებდნენ და ვერ დაადგენდნენ ამ ფაქტს?
მე არ ვამბობ, რატომ აქვს კითხვები იმ დროის გამოძიებასთან სანაიას ოჯახის წევრებს. ეს სხვა თემაა, მე ვგულისხმობ მხოლოდ ერთ რამეს, ამ თემაზე თამაზაშვილის სახელის მიბმა არის ერთ-ერთი მორიგი პასკვილი და ისევ „რუსთავი 2"-ით გაჟღერებული.
- ისევ ლექსო თამაზაშვილზე მინდა გკითხოთ. მსჯავრდებული აცხადებს, რომ იცის შეკვეთილი მკვლელობის შესახებ და დაკითხვას ითხოვს. თქვენი აზრით, პატიმარი, რომ ამ დრომდე არ არის დაკითხული, ეს რაზე მეტყველებს?
- მე როცა გითხარით, რომ ამ თემაზე საჯაროდ გავაკეთებთ განცხადებას, ამ კითხვებსაც ვგულისხმობდი. მე არ მინდა როგორც იურისტმა წინასწარ გავაჟღერო ფრაზები, ინფორმაციები, რომელიც არ მაქვს გადამოწმებული.
მე ვიცი პატიმრის ფსიქოლოგია და ხშირად არის რაღაც ისეთი წერილები, რომელიც გადამოწმების გარეშე რჩება. უახლოეს პერიოდში ყველა ამ ინფორმაციას მოვიპოვებ, შევაჯერებთ და გავაკეთებ საჯარო განცხადებას.
- თამაზ თამაზაშვილის სიძე, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს აღარ არის საქართველოს პრემიერმინისტრი და ასე ვთქვათ, არ ჩანს პოლიტიკურ ცხოვრებაში... რაში დასჭირდათ ახლა თამაზ თამაზაშვილი?
- 2011 წელს, როდესაც თამაზ თამაზაშვილი იყო დაკავებული, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი და გვარი არ იცოდა არავინ...
- ირაკლი ღარიბაშვილის სახელი როგორც პრემიერმინისტრის არა, მაგრამ როგორც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ფონდ „ქართუს" ხელმძღვანელის ცნობილი იყო...
- ის იყო ერთი ფონდის ხელმძღვანელი. იცით ივანიშვილმა რომელმაც განცხადება გააკეთა, იმ პერიოდში მას არ სცნობდა საქართველოში არავინ, მოარული სახელით და გვარით იცნობდნენ, ფოტოებიც კი არ ჰქონდათ მისი. მაშინაც იგივე კითხვას სვამდნენ, ღარიბაშვილი რომელ პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს და თამაზ თამაზაშვილის დაკავება პოლიტიკასთან რა შუაშიაო? თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა მაშინ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის მისი მარჯვენა ხელი და თამაზაშვილის დაკავება სწორედ მას უკავშირდებოდა.
შემდეგ კი, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება და ირაკლი ღარიბაშვილი გახდა ქვეყნის პრემიერმინისტრი, ცალსახად გამოჩნდა, რომ თამაზაშვილის დაკავებაში მთავარი როლი მიუძღოდა „ნაციონალურ მოძრაობას".მართალია, ამ წუთებში პოლიტიკურ არეალზე ირაკლი ღარიბაშვილი არ არის, მაგრამ ყველამ კარგად იცის მისი როლი და ფაქტორი.
ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი ის ფიგურაა, რომელიც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ არ დაპირისპირებია „ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს, პირიქით, გაგრძელდა მათი ურთიერთობა.
იცით, რომ ის ახლახანს ერთ-ერთი უსერიოზულესი ჩინური კორპორაციის მრჩევლად დაინიშნა, რომელიც საქართველოში შემოდის.
აბა დააკვირდით, რამდენ ხანში გაკეთდა ეს განცხადებები, მას შემდეგ, რაც გაჟღერდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩინური კორპორაციის მრჩევლად დაინიშნებოდა. ალბათ, პასუხი მარტივია...