უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ სესიაზე წარადგინა წიგნი, სადაც დეპუტატის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელებული პროექტებია ასახული და „ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს მისი გაცნობა ურჩია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ისტორია მეორდება ხოლმე. ამ ისტორიაში ხალხი თავს იმკვიდრებს ისე, რაც სახარბიელო არ არის. ჩვენი ოპონენტები და არა მხოლოდ ჩვენი ოპონენტები - საქართველოს ოპოზიციაში მყოფი ადამიანები - ბატონი აკაკი მინაშვილი, ქალბატონი თინათინი (ბოკუჩავა) გამოდიოდნენ და გვიმტკიცებდნენ იმას, რომ ქვეყანა უფსკრულშია. ქალბატონო თინათინ, თქვენ ფიზიკურად ძალიან სათნო და ლამაზი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ თქვენ იმ კოშმარს წარმოგვიდგენთ, რისი დავიწყებაც მთელ საქართველოს უნდა. მინდა, ის ისტორია შეგახსენოთ, როცა ილია ჭავჭავაძეს თვენისთანა ბერბიჭაშვილებმა ესროლეს ტყვია. დღეს ერისკაცზე ამბობთ... 243-გვერდიანი წიგნია, ქალბატონო თინათინ და თქვენ, ნადირაშვილო, და ასე შემდეგ, დანარჩენებო - წაიკითხეთ, გადახედეთ. აი ეს სიკეთე, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, გადაამოწმეთ და დარწმუნდებით, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე! ეს იყო 2012 წლამდე. ამის შემდეგ ოთხი წელი გავიდა, როცა ყველა წუთი საქართველოზე ფიქრზე, საქართველოსთვის კეთილ საქმეზეა გამიზნული. ჩვენ, „ქართული ოცნება" ამაყი ვართ იმით, რომ ვართ ერისკაცის თანამებროლები", - განაცხადა კურტანიძემ პარლამენტის სხდომაზე.
დეპუტატმა ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის ლობისტობა, ქართველი ერის და საქართველოს ლობისტობას არ ნიშნავს".