ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა ქართველ კოლეგა დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრა ძალიან წარმატებული და შინაარსობრივი იყო.
მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა.
„ევროპარლამენტის სახელით მხარდაჭერა გამოვუცხადე საქართველოს მდგრად დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, როგორც ევროკავშირის ძლიერ, ასოცირებულ პარტნიორს", - განაცხადა მარტინ შულცმა.
განხილვის სხვა საკითხები იყო ვიზა-ლიბერალიზაცია და ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, ასევე მედიის თავისუფლება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.
„ჩვენ განვიხილეთ, თუ რა როლს ასრულებს საქართველო ევროკავშირისთვის, როგორც მისი საკვანძო მოკავშირე რეგიონში. რეგიონში, სადაც არსებობს შეშფოთების ბევრი მიზეზი, რომელიც ეხება ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან, ჩვენს ურთიერთობას სხვა მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციასთან. შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ მაქსიმალურად მჭიდრო კონტაქტებს", - განაცხადა მარტინ შულცმა.