logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: განვითარების ეს მოდელი, აუცილებლად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ ყოფაზე
- +

14 მარტი. 2018. 11:13


 

„მინდა გამოვეხმაურო იმ ძალიან პოზიტიურ დინამიკას, რომელიც დაფიქსირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით. ძალიან შთამბეჭდავი ზრდა გვქონდა 2017 წელს - ეს გახლავთ 16.2%-იანი ზრდა, ანუ 260 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


„ძალიან ბევრ სექტორში დაფიქსირდა ზრდა, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ  39-%-იანი ზრდა არის, ანუ 615 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა ინვესტიციების მოცულობამ ეკონომიკის რეალურ სექტორში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ახალი ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით და რა თქმა უნდა, ეს პოზიტიურად აისახება წლევანდელ ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე.

 

ასევე, ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ რეინვესტირების მაჩვენებლის თითქმის 130%-იანი ზრდა გვქონდა, რაც არის მართლაც და უპრეცედენტო მაჩვენებელი და ეს არის პირდაპირი შედეგი მოგების გადასახადის იმ რეფორმისა, რომელიც 2017 წლის პირველ იანვარს დავიწყეთ ჩვენს ქვეყანაში.

 

სწორედ, მოგების გადასახადის გაუქმება და არამხოლოდ რეინვესტირებული, არამედ გაუნაწილებელი მოგების გათავისუფლებამ მოგების გადასახადისაგან მოგვიტანა ეს ძალიან სახარბიელო შედეგი რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდაში და რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია აუცილებლად აისახება 2018 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში, ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი გაჭირვებული ადამიანი, გვყავს ბევრი სოციალურად დაუცველი, მაგრამ გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თანდათანობით აუცილებლად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ ყოფაზე.  დამერწმუნეთ, ის დინამიკა და ის ციფრები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აუცილებლად აისახება ჩვენი თითოეული თანამოქალაქის ყოფაზე.

 

ჩვენ ასევე, სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ბრუნვის გადასახადის რეფორმა მიკრო-ბიზნესებისა და მცირე-ბიზნესებისთვის, ჩვენ ასევე ვამზადებთ შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც განსაკუთრებულად იქნება ფოკუსირებული მცირე და საშუალო საწარმოებზე, სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტების შექმნაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად აისახება მცირე ბიზნესზე, მოსახლეობის იმ ფენაზე, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს და რომლისკენაც ყველაზე მეტად არის საჭირო სახელმწიფო რესურსის მიმართვა იმისათვის, რომ მეწარმეობა წავახალისოთ, მცირე ბიზნესის სეგმენტში. ასე რომ, მგონია, რომ ეს ნაბიჯები ძალიან სერიოზულ შედეგს მოიტანს და 2018 წლის მაჩვენებლებიც იქნება ასეთივე პოზიტიური", - განაცხადა პრემიერმა.



 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner