„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებაზე", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გიორგი ზარანდიას უკანონოდ გატაცების ფაქტის შესახებ ევროკავშირი უკვე ინფორმირებულია.
„ცხელი ხაზის მეშვეობით დადასტურდა საქართველოს მოქალაქის, გიორგი ზარანდიას უკანონოდ დაკავების ფაქტი. აღნიშნული პიროვნება დაკავებულ იქნა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. ინფორმაცია მიწოდებულია ევროკავშირისთვის და სუს-ი მუშაობს ხსენებული პირის გათავისუფლების საკითხზე", - განაცხადეს სუს-ში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე გუშინ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებს.
დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი ზარანდია, ქალაქ ზუგდიდის მცხოვრები.
„გალის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე. ტარდება საჭირო საგამოძიებო ღონისძიებები", - ნათქვამია განცხადებაში.