„ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ლ.თ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ლ.თ.-მ 2017 წლის 28 ივლისს ქალაქ ხაშურში, ყოფილ მეუღლეზე - ს.მ.-ზე იძალადა, რა დროსაც სახისა და სხეულის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმებით, ასევე ყელში მოჭერით ფიზიკური ტკივილი მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ლ.თ. იმავე დღეს ქალაქ ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა.
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ლ.თ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.