ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმის პროკურორმა დავით ნეფარიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება არის სანდო და გასაზიარებელი.
პროკურორის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ჯერ კიდევ 2007 წელს საუბრობდა მასმედიის საშუალებით იმ ფაქტებზე, რაზეც დღეს სასამართლოში ისაუბრა, ჩვენება არის სანდო.
პროკურორის თქმით, ოქრუაშვილს 2007 წელს პირადი მოტივი, რაზეც ადვოკატი საუბრობს, ჯერ კიდევ არ გააჩნდა. ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ჩვენება მიცემული აქვს აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული სხვა პირების მიმართაც და იმ ჩვენებებშიც აფიქსირებს ვანო მერაბიშვილის მონაწილეობას.
ამასთან, პროკურორი გამორიცხავს, რაიმე ტიპის თანამშრომლობას ირაკლი ოქრუაშვილსა და პროკურატურას შორის.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი გადაიქცა ტაბელურ მოწმედ, რომელიც ხელისუფლებას დაყავს ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პროცესებზე.
ადვოკატის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის ნათქვამი არ არის სარწმუნო სხვადასხვა გარემოებების გამო. კერძოდ, გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს საგამოძიებო უწყებაში დაკითხვის დროს ნახსენები არ ჰყავს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს ვანო მერაბიშვილი, თუმცა დღევანდელ პროცესზე ირაკლი ოქრუაშვილმა ვანო მერაბიშვილზეც ისაუბრა.