რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილ ოფიცერთა სახლის სარდაფში, კირილე ზდანევიჩის კედლის მხატვრობის განადგურების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 259-ე მეორე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯარიმას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„რუსთაველის 16-ში, ყოფილი ოფიცერთა სახლის სარდაფში, კირილე ზდანევიჩის კედლის მხატვრობის განადგურების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მეორე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობას. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
„ოფიცერთა სახლის" სარდაფში განთავსებული კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანოს განადგურების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.
ამჟამინდელი მფლობელის „ბესთ ბრენდ გრუპის" წარმომადგენელმა გელა ლეკიშვილმა გუშინ პირველ არხს განუცხადა, რომ ობიექტის შეძენისას პანო მას არ დახვედრია.