„ტელეიმედის" გადაცემა „პოლიტიკის" წამყვანი თეონა გეგელია „facebook"-გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს სათაურით: „როდესაც პასუხს არ გცემთ, ეს ნიშნავს, რომ გული მერევა თქვენზე".
„დიახ, შალვა რამიშვილმა, იმ მოტივით, რომ სტუმრად მოჰყავდა ლევან მურუსიძის რამდენიმე ოპონენტი, სამი რესპონდენტი მოტყუებით შემომაპარა გადაცემაში. დღესაც ბოდიშს ვიხდი ამ ეთერისთვის, მაგრამ ხარაკირის არ გავიკეთებ, და აი რატომ:
გადაცემამ ვერ გააკეთილშობილა ლევან მურუსიძე და მისი მხარდამჭერები, პირიქით. ეს იყო არა მხოლოდ ამ მოსამართლეების, არამედ დღევანდელი სასამართლო სისტემის „ანტიპიარი". ვერც ერთ სხვა „კარგად დაგეგმილ" ეთერში მაყურებელი ვერ შეიქმნიდა ისეთ მძაფრ შთაბეჭდილებას ქართული სასამართლოს უმძიმეს მდგომარეობაზე, როგორსაც - ამ ეთერით.
შალვა შავგულიძეს ჰქონდა ფაქტობრივად განუსაზღვრელი საეთერო დრო ოპონირებისთვის. მართალია, ის თავად ვერ იყენებდა რაციონალურად ამ დროს, მაგრამ როგორც იქნა, მოლაშვილის საქმის ეპიზოდზე მაინც დაამარცხა ოპონენტი (ჩემი აზრით). ამ ყველაფრის მიუხედავად, გადაცემის ბოლოს ის პოლიტიკოსის ოსტატობით აყვირდა, რომ არ ვაძლევდით ლაპარაკის საშუალებას, და ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩართვებში გამოჩდნენ შემოპარული მოსამართლეები. არადა, აღარ მახსოვს, რამდენჯერ დავაანონსე გადაცემის მსვლელობისას ბატონი მურუსიძის მხარდამჭერები შეცდომით მის ოპონენტებად, რაც შავგულიძეს არცერთხელ არ გაუპროტესტებია. არადა, მან მაინც ხომ შესანიშნავად იცოდა, ვის ელაპარაკებოდა გადაცემის დაწყებამდე სტუმრების მოსაცდელში და ვინ იყვნენ ეს ადამიანები.
ეთერზე პასუხისმგებელი წამყვანებთან ერთად არის პროდიუსერთა ჯგუფი. „პოლიტიკას" ორი პროდიუსერი ჰყავს და ორი ჟურნალისტი. არავინ ამ მოსამართლეების ვინაობა არ გადაამოწმა, რადგან ასევე შეცდომით ენდნენ თავის ერთ-ერთ წამყვანს, რომელიც დღეს ამტკიცებს, რომ მსხვერპლია და მხოლოდ დირექტორის დავალებით მოქმედებდა.
2014 წლიდან ვმუშაობ „იმედში" და არავისგან, მათ შორის არც გიორგი ბახტაძისგან არ მახსოვს არათუ ზეწოლის რაიმე მცდელობა, არამედ მინიშნებაც კი, მემოქმედა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. ერთადერთი დავა, რაც მასთან მქონდა, ეხებოდა „პოლიტიკის" ფორმატში ცვლილებას. ის ითხოვდა დარბაზის (დებატს არ ვგულისხმობ) ელემენტის შემოტანას გადაცემაში, რაც კომერციული თვალსაზრისით ჩემთვის გასაგები არგუმენტი იყო, მაგრამ ჟურნალისტური ესთეტიკის და მაყურებლის ინტერესებიდან გამომდინარე - ფუჭი და მიუღებელი. მას შემდეგ რაც მარტო დავრჩი გადაცემაში, ეს საკითხი ბუნებრივად მოიხსნა დღის წესრიგიდან.
ამ ცნობილი ეთერის შემდეგ შალვა რამიშვილი წუხდა და ამბობდა, რომ შეცდა და მოსამართლეებმა, უბრალოდ, მოატყუეს. „იმედიდან" წასვლის შემდეგაც, ჩემს შეკითხვაზე, თუკი არა ის ყბადაღებული აუდიოჩანაწერი და ეთიკური პრობლემა ტელევიზიისთვის, მაშინ რა შეიძლება გამხდარიყო მასთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი, ის ამბობდა, რომ წარმოდგენა არ აქვს. მურუსიძის გადაცემა, გიორგი ბახტაძე და ის „უდიდესი წნეხი", რასაც ის თურმე „იმედში" მუშაობისას განიცდიდა, პირველად ახსენა მან გუშინ სხვა ტელევიზიის ეთერში, სადაც მე, როგორც ამ გადაცემის ერთ-ერთ წამყვანს, არათუ ზრდილობის გულისთვის და მოჩვენებითი ბალანსის შექმნისთვის არ დამიკავშირდნენ, არამედ გადაცემა ისე დასრულდა, რომ არავის ვუხსენებივარ.
ამ ღირებულებით ქაოსში დაკარგულ ქართულ მედიაშიც კი, პირადად ჩემთვის არსებობს პროფესიული წესიერების საზომი, რომელსაც ნამდვილად არ წარმოადგენენ ის ადამიანები, ვინც პირადი წყენის, პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობის ან თუნდაც შრომითი ურთიერთობის უხეში გაწყვეტით გამოწვეული ბრაზის გამო, დღეს ამ ტელევიზიასთან ბრძოლის ავანგარდში არიან (საქმიანი ურთიერთობის არაცივილიზებული ფორმით გაწყვეტას არ ვემხრობი არა მხოლოდ ასეთ ადამიანებთან, არამედ ნებისმიერი დარგის ნებისმიერ დაქირავებულ თანამშრომელთან და სიამოვნებით დავეხმარებოდი მათ, იურისტი რომ ვიყო, მაგრამ არ ვარ).
„იმედიდან" არსად წასულან და დღესაც მუშაობენ ჟურნალისტები, რომელთა ადამიანური და პროფესიული წესიერება დრომ გამოსცადა და ვიდრე მათ საქმიანობას საფრთხე არ ემუქრება, მე გავაგრძელებ აქ მუშაობას ეთერში თუ ეთერს მიღმა.
ათას ალვის ხეზე გადამხტარი, მთელი ცხოვრება პოლიტიკურ თამაშებში ჩაბმული, დამქირავებლებთან არაფორმალურ, ე.წ. „მეგობრულ" კავშირებში გაკვანძული და ამ ყველაფრის გამო უცბად მსხვერპლად ქცეული ადამიანების მიმართ არათუ პროფესიული, არამედ არანაირი თანაგრძნობა არასდროს გამჩენია და არც გამიჩნდება.
როდესაც პასუხს არ გცემთ, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ გული მერევა თქვენზე, როგორც არ უნდა გაჰკიოდეთ ეკრანებიდან ან „ფეისბუქიდან", და რამხელა სტატუსებსაც არ უნდა წერდეთ ბევრი მრავალწერტილით, ბევრზე ბევრი ძახილის ნიშნით და ხშირად ძალიან უადგილო სმაილებით", - წერს თეონა გეგელია.