მომდევნო სეზონიდან, სერია A-ში საკმაოდ საინტერესო სიახლე დაინერგება. ყოველი მატჩის შემდეგ, მწვრთნელების მსგავსად, მედიის წინაშე კომენტარს მსაჯიც გააკეთებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცნობილმა იტალიელმა არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ განუცხადა.
„მომავალი წლიდან, ტესტურ რეჟიმში, არბიტრებს უფლება მიეცემათ, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთონ. ვნახავთ, რამდენად მზადაა ხალხი ჩვენს მოსასმენად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მატჩის შემდეგ, გულშემატკივართა და მედიის წარმომადგენელთა მხრიდან წნეხის გამო, კომენტარის გაკეთება რთული იქნება.
მუდამ გვაკრიტიკებენ და ჩვენს დასჯას ითხოვენ. ჩვენ კი მედიასთან კონტაქტი გვეკრძალება და იძულებულნი ვხდებით, საქმე ჩუმად ვაკეთოთ და ლანძღვა უსიტყვოდ მივიღოთ. ვფიქრობ, ეს ცვლილება ძალიან სწორი და აუცილებელი ნაბიჯია", - განაცხადა რიცოლიმ „Football Italia"-სთან საუბრისას.
ნიკოლა რიცოლიმ ასევე დასძინა, რომ ხშირად უკვირთ, თუ რის გამო გააძევეს მოთამაშე მოედნიდან და რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება. იტალიელი სპეციალისტის თქმით, „მსაჯები მალე ალაპარაკდებიან და პასუხგაუცემელი კითხვები აღარ დარჩება".