ვის ჯიბეში მიდის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონები და როგორ ინაწილებენ თბილისის პრესტიჟულ ტერიტორიებს გენერალური გეგმის სახელით? რატომ არ იცვლება მოქმედების სქემა და რა დოკუმენტებს მივაგენით მერიიდან გაუჩინარებულ არქივში?! სტატია, რომელსაც თქვენ წაიკითხავთ, არის გაგრძელება ჟურნალისტური გამოძიებისა - „იყო და არა იყო რა, იყო თბილისის გენგეგმა"...
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც დედაქალაქის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის - თბილისის გენერალური გეგმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ვიკვლევთ და ამის შესახებ არაერთი სტატია და ჟურნალისტური გამოძიება გამოვაქვეყნეთ.
დიახ, იყო და არა იყო რა... რადგან, ის, რაც იყო და რაც ყველას თბილისის გენერალური გეგმა ეგონა, სულაც არ ყოფილა თურმე გენერალური გეგმა.
რა იყო სინამდვილეში ის, რასაც გენერალურ გეგმას უწოდებდნენ? ვინ შეიმუშავა აღნიშნული დოკუმენტი და ვინ არიან პროექტის ავტორები? რატომ არ არსებობს თბილისის მერიაში არანაირი დოკუმენტი, 2009 წლის გენგეგმის შექმნელებსა და მათ დაფინანსებაზე?
2015 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ საპროექტო მომსახურების- დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი.
საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს. აღნიშნული დროისთვის წარმოდგენილი იქნა 11 საკონკურსო ნაშრომი. ამავე დღიდან, საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენის მიზნით, მუშაობა დაიწყო საკონკურსო კომისიამ.
2015 წლის 13 სექტემბერს გამარჯვებულად დასახელდა „სითი ინსტიტუტი საქართველო".
გამარჯვებული კონკურსანტის მიერ საკონკურსო წინადადებით წარმოდგენილი სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარი. პირველ ადგილზე გასულ კომპანიასთან მუნიციპალიტეტი ხელშეკრულებას გააფორმებდა, რომლის საფუძველზეც, მომსახურების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 18 თვეში, კომპანიას უნდა შეესრულებინა და წარმოედგინა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი.
ყურადღება მივაქციოთ სიტყვას - „განახლებული", რაც ბუნებრივია, უკვე არსებული დოკუმენტის განახლებას გულისხმობდა, ანუ საუბარია 2009 წლის გენგემაზე, რომლის განახლებაც 2015 წელს უნდა მომხდარიყო.
ამიტომაც, ჩვენი დღის წესრიგში 2009 წლის გენგეგმის დეტალების მოძიება დადგა...
2017 წლის 20 აპრილს, ანუ 8 თვის წინ საკრებულოს გავუგზავნეთ კითხვები, რომელიც 2009 წლის გენგეგმას ეხებოდა. კითხვებზე პასუხი დღემდე არ არც საკრებულოს მოუწოდებია, არც მერიას და არც არქიტექტურულ სამსახურს.
კითხვები კი იყო ასეთი მარტივი - გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
1. ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2009 წელს დამტკიცებული ,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა" (ასლები) და ასევე მასთან დაკავშირებით მიღებული, ნაწარმოები ყველა დოკუმენტი.
2. ამავე გენერალური გეგმის სატენდერო ან საკონკურსო დოკუმენტაცია, სადაც განსაზღვრულია მონაწილეობის მსურველ კომპანიათათვის ტენდერში ან/და კონკურსში მონაწილეობის პირობები.
3. რომელმა კომპანიამ ან (კომპანიებმა) გაიმარჯვეს ტენდერში ან/და კონკურსში და ვის დაევალა აღნიშნული გენერალური გეგმის შესრულება. გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემსრულებელთან გაფორმებული ხელშეკრულება და ხარჯთაღრიცხვა.
ჩვენი კითხვები საკრებულომ მერიას გადაუგზავნა, მერიამ არქიტექტურის სამსახურს, არქიტექტურის სამსახურმა ისევ საკრებულოს, საკრებულომ ისევ მერიას და საბოლოო ჯამში პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც რაიმე კონკურსზე, ვერც ტენდერზე, ვერც ხელშეკრულებებსა და ვერც ხარჯთაღრიცხვაზე...
„აიპრესის" მიერ მოპოვებული ინფორმაციებით და მასალებით ირკვევა, რომ 2008-2009 წლებში თბილისის მერიას არა ერთი, არამედ ორი გენერალური გეგმა ჰქონდა - ოპერატიული და პერსპექტიული. ოპერატიულ გენგეგმაზე, ამ წლებში, მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მიმდინარეობდა. პროექტის ავტორები, რომლებმაც კონკურსში გაიმარჯვეს, „ანი არქიტექტორები" და მისი ხელმძღვანელი, ცნობილი არქიტექტორი პავლე ძინძიბაძე, მერიას არაკეთილსინდისიერ ქცევაში ადანაშაულებდნენ. სანამ ოპერატიულ გენგეგმაზე სასამართლო დავა მიმდინარეობდა, მერიაში პერსპექტიულად ასწრებდნენ ახალი გენგეგმის შემუშავებას ახალი ტერიტორიების ასათვისებლად.
მერიამ კონკურსში გამარჯვებული კომპანია თავიდან მოიცილა და ეს სარფიანი საქმე თავად გადაიბარა ისე, რომ კონკურსი არ გამოაცხადა. თბილისის მერი ამ დროს გახლავთ გიგი უგულავა, ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი კი მიხეილ ავალიანი.
როგორც კი თბილისის მერიამ თბილისის გენგეგმა თავის განკარგულებაში გადაიბარა, მაშინვე შეუდგა საქმეს და ერთ დღეში, ერთი განმარტებითი ბარათით, 25 რეკრეაციულ ზონას შეუცვალა ფუნქცია. ამ ერთი გადაწყვეტილებით, წყნეთში, ლისის ტბაზე, კუსტბაზე, დიღმის ტყე პრკში და ასევე თბილისის არაერთ პრესტიჟულ უბანში, რეკრეაციული ზონების ადგილას, დიდი მშენებლობები დაიწყო. სწორედ ამ დროს გამოთავისუფლდა ტერიტორიები „მაკდონალდსისთვის" წერეთლის გამზირზე და „ბელუქსისთვის" დიდ დიღომში.
ამ „დიდი ანტირეკრეაციული" გადაწყვეტილების პროექტის ავტორი მერიის არქიტექტურის სამსახური იყო, რომელსაც იმ დროისთვის მიხეილ ავალიანი ხელმძღვანელობდა. პროექტის წარმდგენი კი თავად თბილისის მერი, გიგი უგულავა გახლდათ. მერიის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ რეკრეაციული ზონების საცხოვრებელ ზონებად გადაკეთება მოსახლეობის მოთხოვნით მოხდა. გადაწყვეტილების მიღებას კი შემდეგი მიზეზები დაუდეს საფუძვლად:
1. ტერიტორია ფაქტიურად ჩამოყალიბებულია საცხოვრებელი განაშენიანების სახით
2. ცვლილების საფუძველია სოციალური საკითხების მოგვარება
3. ცვლილებები განპირობებულია ქალაქგეგმარებითი მიზანშეწონილობით
და ბოლოს დასძინეს, რომ: ცვლილება ეხება დაგეგმარებულ საკარმიდამო ნაკვეთებს, სადაც ზონის ფუნქციური ცვლილება არ გამოიწვევს რეკრეაციული ტერიტორიის მნიშვნელოვან სახეცვლილებას.
პავლე ძინძიბაძე: იმ პერიოდში მერიის არქიტექტურის სამსახურმა თავისი ძალებით დაამუშავა ეს დოკუმენტი. ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს ნებისმიერი მერიისთვის გენერალური გეგმა ქალაქის განვითარების როგორც სახელმძღვანელო, ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვების მატარებელი დოკუმენტია.
- მერია თავად აკეთებდეს ასეთ დოკუმენტს, ყოველგვარი კონკურსისა და საზოგადოების ჩართულობის გარეშე, შეიძლება?
- უფლება ჰქონდათ კანონმდებლობით და არქიტექტურის სამსახურიც ამით დაინტერესებული იყო. მერიამ მიიღო ეს დოკუმენტი, მაგრამ მრავალ მიზეზთა გამო, ხშირად უხდებოდა მასში ცვლილებების შეტანა. შედეგად ამ ცვლილებებმა აზრი დაუკარგეს ქალაქის გენერალური გეგმის, როგორც ასეთის არსებობას.
ამ ცვლილებებზე და ერთ დღეში 51 ზონისთვის შეცვლილ სტატუსზე (მათ შორის 25 რეკრეაციულია)საუბრობს ახალი გენგეგმის ავტორი, მამუკა სალუქვაძეც, რომელიც მაშინ მერიაში ურბანული ეკოლოგიის განყოფილების უფროსი იყო.
„ცუდის თქმა არ მინდა არავისზე, მაგრამ აქ ცოტა სხვა რამეზეა საუბარი, იმ ძველ გენგეგმაში 800 ჰექტარამდე იყო გარე განვითარება, რომელიც ჩვენ დავიყვანეთ 150 ჰექტარამდე. ჩვენ მთელი ეს მასა გარე განვითარებისა მოვხსენით და პირიქით, უფრო გავაძლიერეთ, თორემ იქაც ეწერა რომ კომპაქტური უნდა ყოფილიყო. გარე განვითარების ელემენტები იქაც იყო. თუმცა არ დაგავიწყდეს, რომ ზომების შეცვლა მიდიოდა, ყოველ ხუთშაბათს იკრიბებოდნენ და ცვლიდნენ ზომებს. მეტსაც გეტყვით, იმ გენგეგმაში, რომელიც დაამტკიცა საკრებულომ 2009-ში, ერთ თვეში შეიკრიბნენ და 51 რეკრეაციულ ტერიტორიას შეუცვალეს ფუნქცია. ეს გააკეთა ზუსტად იმან, ვინც დაამტკიცა გენგეგმა. ამის ნახვა შეიძლება ინტერნეტში სხვათაშორის."
ინტერნეტში არა, მაგრამ მერიიდან გაუჩინარებულ არქივში კიდევ ბევრი რამის ნახვა შეიძლება, ამაზე მოგვიანებით, მორიგ სტატიას შემოგთავაზებთ.
თუკი ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებსა და რესპოდენტების მონათხრობებს გავაანალიზებთ, გამოდის, რომ 2008 წლიდან დაწყებული დღემდე, გენგეგმა არა ქალაქის განვითარებისთვის, არამედ ქალაქის გადანაწილებისთვის იქმნებოდა. ფაქტობრივ მასალებს თავი რომ გავანებოთ, ისმის რიტორიკული და საჭირბოროტო კითხვა: რა ეტყობა დედაქალაქს განვითარებულის?!
რატომ არ იცვლება სქემა, რომლითაც გენგეგმის ავტორები მოქმედებენ? ამ კითხვაზე პასუხს შემდეგი სტატიიდან შეიტყობთ. მანამდე კი გთავაზობთ იმ 25 რეკრეაციული ზონის ჩამონათვალს, რომელსაც 2009 წელს სტატუსი შეუცვალეს.
ქვემოთ მოცემულ ფოტოებზეც სწორედ ეს ზონებია წარმოდგენილი. ბოლო ფოტოზე კი სრული ჩამონათვალი იმ 25 რეკრეაციული ზონის, რომელთაც სტატუსი შეეცვალა.
1. რაფიელ აგლაძის ქუჩა #1. სავაჭრო ცენტრის მშენებლობისთვის 1. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიაზე მიიღო დადებითი პასუხი(9313)
2. ალექსიძის ქ #1 „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის" გადაწყვეტილებით. (9331)
3.სარეკრეაციო ზონა 2 შეიცვალა ზოგად საცხოვრებელ ზონად. დიღმის ტყეპარკის მოპირდაპირე მხარეს. (9345)
4.სამრეწველო ზონა შეიცვალა საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 1. ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების კვეთა. შერეული ზონის კოეფიციენტებით ადრე გაცემული მშენებლობის ნებართვით - დღევანდელი სსს-1 (9311)
5. სარეკრეაციო ზონა (რზ-3) გადაკეთდეს საცხოვრებელ საცხოვრებელ ზონად (სზ). ფანასკერტელის ქუჩა. ვინაიდან ქ. თბილისის მერიას აქვს საბინაო ვალდებულება (9347)
6.ბერძნის ქუჩის ბოლო ტერიტორია. ლანდშაფტური სარეკრეციო ზონა (ლსზ) შეიცვალა საცხოვრებელი ზონა 3-ით.
7.სარეკრეაციო ზონა 1 შეიცვალა სარეკრეაციო ზონა 2 -ით. გლდანის ხეების მიმდებარედ შეცდომით მიკუთვნებულია სარეკრეაციო ზონა 1 . (9342)
8. სარეკრეაციო ზონა 1 შეიცვალა საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 1. ქავთარაძის ქ. N 27 უკანა ტერიტორია. სარეკრეაციო ზონა წარმოადგენდა ბუფერს სასაფლაოსა და საქმიან ზონას შორის. მოსახლეობის თხოვნაა, სასაწყობე შენობების განთავსებაზე, გადაკეთება შესაძლებელია(9007)
9. სარეკრეაციო ზონა 1 შეიცვალა საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ით. წერეთლის გამზირი #35-ის პირდაპირ. მაკდონალდსის მშენებლობასთან დაკავშირებით(9336)
10. სარეკრეაციო ზონა 1 შეიცვალა საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ით. წერეთლის გამზირი #35-ის პირდაპირ. მაკდონალდსის მშენებლობასთან დაკავშირებით (9336)
11.სარეკრეაციო ზონა(რზ-2) გადაკეთდეს საცხოვრებელ ზონად. ქიაჩელის ქუჩა, 15-19. „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის" 2009 წლის 31 ივლისის ოქმი #25-ის გადაწყვეტილების მიხედვით. (9329)
12.. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა(ლსზ) გადაკეთდეს საცხოვრებელ ზონად(სზ-2). შატბერაშვილის ქუჩის ბოლო. მცირე რაოდენობის რეგისტრირებული ნაკვეთები საცხოვრებელი განაშენიანების ორგანული გაგრძელებაა. ამასთან, მიწის მესაკუთრეები დიდი ხანია მოითხოვენ შესაბამის პირობებს ინდივიდუალური საბინაო მშენებლობებისთვის(9334)
13. სარეკრეაციო ზონა გადაკეთდეს ზოგად საცხოვრებელ ზონად. სოფელი ქვემო ლისი. ტერიტორია მთლიანად ათვისებულია საცხოვრებელი ფუნქციით, საცხოვრებელი განაშენიანების ორგანული გაგრძელებაა, ხოლო მიწის მესაკუთრეები დიდი ხანია მოითხოვენ შესაბამის პირობებს ინდივიდუალური საბინაო მშენებლობებისთვის (9333)
14. სატრანსპორტო ზონა 1 შეიცვალა საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2. თამარაშვილის ქუჩა #6-ის მიმდებარე ტერიტორია. ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისთვის(9484)
15. სარეკრეაციო ზონა 2 შეიცვალა საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2. დავით აღმაშენებლის ძეგლთან. ბელუქსის მშენებლობისთვის ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიაზე მიიღო დადებითი პასუხი. (9308)