საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დისკუსიის შინაარსს დააკვირდით. ბოკერია-ბერძენიშვილების „ლოგიკა" ასეთია: რუსეთთან შეთანხმების მიღწევის არც ერთი მაგალითი არ არსებობს! ყველა ხელისუფლებამ სცადა, მაგრამ არც ერთს არ გამოუვიდა. პროევროპელმა სააკაშვილმაც სცადა, მაგრამ ამაოდ, ამიტომ პირდაპირი დიალოგის თემა არის რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა, არის რუსეთის აგენტობა და არის ქვეყნის ღალატი!
ახლა როგორია ჩემი ლოგიკა: მართალია, ყველა ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, რუსეთთან ურთიერთობა დარეგულირებულიყო. სამწუხაროდ, ვერც იმას ვიტყვით, რომ შედეგიანი! მაგრამ ყველა ხელისუფლებამ რომ სცადა და არ გამოუვიდა, ეს იმას რატომ ნიშნავს, რომ ახალი მცდელობიდანაც არაფერი გამოვა? ვიმეორებ: 90-იანი და 2000-იანი წლებისაგან განსხვავებით, ახლა სულ სხვა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და არაა სწორი, ვიმოქმედოთ ძველი ინერციით და ძველი გამოცდილების მძევლებად დავრჩეთ. წინა ხელისუფლებას და იმის წინას რომ არ გამოუვიდა, იქნებ ამ ხელისუფლებას გამოსდის?
რაც შეეხება სააკაშვილს, აქ სულ სხვა ვითარება იყო. სააკაშვილმა ლამის მეგობრობის ფიცი დაუდო პუტინს. სხვათა შორის, პუტინიც მოიხიბლა,- კარგი ბიჭია და იფიქრეთ სოხუმის და ცხინვალის დაბრუნებაზეო, მაგრამ მოსკოვიდან სააკაშვილი ვაშინგტონში გაფრინდა და როცა თბილისში დაბრუნდა, პირველივე კომენტარი (რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების თემაზე ) იყო,- რუსეთთან საუბარი დანაშაულია, რუსეთი არაა სანდო, რუსეთი ოკუპანტია. ვსვამ კითხვას: გვინდა საერთოდ ქვეყნის გამთლიანება, თუ არა გვინდა? თუ გვინდა, რისთვის ვართ მზად? მზად ვართ, რომ არანაირი უარი არ ვთქვათ ევროკავშირზე, პირიქით, გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები, მაგრამ გავხსნათ პირდაპირი დიალოგის ფორმატი მოსკოვთანაც? მტერთან ლაპარაკი არ შეიძლებაო... მოყვარესთან ქეიფით ქვეყანას რომ ვერ ვაერთიანებთ, ეს გასულმა 25 წელმა გვაჩვენა, ამიტომ მოწინააღმდეგეს უნდა ველაპარაკოთ, პირველ რიგში, თორემ მოკეთის აზრი კი ვიცით.
არსებობს ასეთი პროფესია- დიპლომატი, ამ პროფესიის არსი სწორედ მტერთან საუბარი და შედეგის მიღწევაა. გავაუქმოთ მაშინ დიპლომატიაც, დიპლომატის პროფესიაც, საგარეო საქმეთა სამინისტროებიც, საკონსულოებიც, გაეროც არაა საჭირო... იმიტომ, რომ იქ მტრულად განწყობილი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ხშირად ელაპარაკებიან სხდომების მიღმა, პირდაპირი დიალოგის რეჟიმში. ეს საკუთარი ხალხის მოღალატეები, ესენი. ხომ ხვდებით, რომ ბოკერია-ბერძენიშვილების „ლოგიკაში" არც ლოგიკაა და არც ქვეყნის სიყვარული გამოსჭვივის. ვიმეორებ: ეს ხალხი მზადაა, დათმოს არა მარტო სოხუმი და ცხინვალი... ეს ხალხი მზადაა, დათმოს ჩვენი ქვეყანა, რაც არაერთგზის გაუკეთებიათ კიდეც", - წერს ინაშვილი.