საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ევროპელ კოლეგა მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი დაგეგმილად მიმდინარეობს, საქართველოსთვის დამატებითი პირობების წაყენება არ მოხდება.
„როცა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე ვსაუბრობდი, მოხარული ვიყავი, ბ-ნი პრეზიდენტისგან კიდევ ერთხელ მომესმინა, რომ საქართველოს ამ პროცესში დამატებით პირობებს და წინაპირობებს არ წაუყენებენ. პროცესი დაგეგმილად მიმდინარეობს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიღწევა სათანადოდ იქნება შეფასებული.
მისი თქმით, უვიზო რეჟიმის დაწესება ბენეფიტებს არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ ევროპასაც მოუტანს.
უსუფაშვილმა ასევე, მადლობა გადაუხადა მარტინ შულცს მისი წვლილისთვის პარლამენტებს შორის ნაყოფიერი თანაშრომლობისთვის.