logo_geo
eng_logo
მამა ბასილი (მკალავიშვილი): ზვიად გამსახურდია სამეგრელოში კი არა, თბილისის აეროპორტში მოკლეს!
- +

15 მარტი. 2018. 12:40



ინტერვიუ გლდანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვართან მამა ბასილ მკალავიშვილთან:

 

- მამაო, ჯერ არსად არაფერი გითქვამთ პატრიარქის ახალ თანამოსაყდრეზე. რა აზრის ხართ მასზე?


- ილია მეორემ კარგად უწყის, წარსულში როგორ ირჩევდნენ პატრიარქებს. გაურკვეველ მდგომარეობაში როგორ კლავდნენ წინა პატრიარქს და მის ადგილს სხვა იკავებდა, ამიტომაც ილია მეორემ 23 ნოემბერს ყველასგან მოულოდნელად თვითონ დაასახელა მოსაყდრე, რამაც დიდი უკმაყოფილება და მითქმა-მოთქმა გამოიწვია საპატრიარქოში, კერძოდ, იმ მეუფეებს შორის, რომელთა ოცნება პატრიარქის სავარძლის დაპატრონება იყო. თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, პატრიარქს ნიშნავდა უშიშროება, ან რელიგიის საქმეთა საბჭო.


მაგრამ, ამჯერად, სულ სხვა პრობლემებია, რამეთუ „ნაცმოძრაობას" თავისი კანდიდატი ჰყავს, „ოცნებას" - თავისი. აქედან გამომდინარე, პატრიარქმა თავი აარიდა მოსალოდნელ გართულებებს და თვითონ დაასახელა მოსაყდრე.


- თქვენ არ ამბობთ, როგორია თქვენი შეხედულება მეუფე შიოზე!


- როგორც ვიცი, ის არც ერთ ბინძურ საქმეში არ არის გარეული ისე, როგორც სხვა ეპისკოპოსები. ახლა მთავარია, სანამ მეუფე შიოს დაასახელებენ პატრიარქად, მანამ არ მოახდინონ ბნელმა ძალებმა მისი ლიკვიდაცია, განსაკუთრებით კი იმ ეპისკოპოსებმა, რომლებიც ასე გამალებით ილტვიან პატრიარქობისთვის.


- ეჭვები ვინმეზე გაქვთ?

 

- ეს რა ძნელი მისახვედრია, საპატრიარქოში ისე ღიად და სამარცხვინოდ ებრძვიან ეპისკოპოსები ერთმანეთს, რაც ყოვლად მიუღებელია ღვთის მსახურთათვის. ამ სავალალო ფაქტს მთელი ერი უყურებს. სააკაშვილის მეხოტბე ეპისკოპოსები ისე გაშმაგებით იბრძვიან პატრიარქის სავარძლისთვის, უკან არაფრით დაიხევენ მიზნის მისაღწევად. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ლიბერალური, ღვთისა და ერის მოღალატეთა ფრთა საკმაოდ დიდი ბირთვია, რომელიც ხსნას მსოფლიო დონის კრიმინალის - სააკაშვილისგან ელიან, ხოლო ყველანი ერთად დახმარებას ამერიკიდან ხედავენ, რათა მართლმადიდებლობას ძირი გამოუთხარონ და დააბრკოლონ მათთვის მიუღებელი კანდიდატი.


უარესსაც გეტყვით. მსოფლიო პატრიარქს ნიშნავს მსოფლიო მასონური ორგანიზაცია, უშუალოდ კი რომის პაპი. გავიხსენოთ ბოლო სამი მსოფლიო პატრიარქი. ისინი ჯერ ამთავრებენ, ანუ მოსამზადებელ კურსს გადიან რომის კათოლიკურ სასწავლებელში და შემდეგ ირჩევენ მსოფლიო პატრიარქად. მსოფლიო კათოლიკურ-ეკუმენისტურ ე.წ. ეკლესიას არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან.


- როგორია თქვენი მოსაზრება ქართველი ეპისკოპოსების ამასწინანდელ ვიზიტზე ამერიკაში?


- რატომღაც ამ ვიზიტთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან მწირი ინფორმაცია მიეწოდა. სარწმუნო წყაროების საფუძველზე ვფლობ ინფორმაციას, რომ ამ ვიზიტამდე ექვსი თვით ადრე ამერიკის საელჩომ დაიწყო იმ ეპისკოპოსების შერჩევა, რომლებიც ამერიკაში გაემგზავრებოდნენ. როგორც იქნა, შეარჩიეს 12 ეპისკოპოსი, მიზანმიმართულად. აქედან, 6 ეპისკოპოსი, სააკაშვილის მიმდევრები არიან, ხოლო მეორე 6 იერარქმა, სამწუხაროდ, იქ ჩატარებული შეკრების შემდეგ გვამცნეს, რომ ჩვენი ხსნა ოკეანის გაღმელთაგან მოდიოდა.


ყოველივე ეს უტყუარი ფაქტია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო მმართველობის სადავეები ჩვენს ხელთ არ არის.


მე ჯერ კიდევ მაშინ მებრძოდნენ, როცა ხმამაღლა ვაცხადებდი, რას გვიქადდა სოროსის მიერ აგენტურული მისიით შემოგზავნილი იეღოველთა სექტა. მაშინ არავინ მისმინა, გვერდით არავინ დაგვიდგა. მხოლოდ მე, ჩემი მრევლით და აკადემიკოსი გურამ შარაძე ვიბრძოდით მართლმადიდებლობის დასაცავად. სწორედ ამიტომ, სააკაშვილს მისცეს ბრძანება, მოვეცილებინეთ მე და ბატონი გურამ შარაძე. მე 5 წლით ციხეში გამომამწყვდიეს, ხოლო ბატონი გურამი დღისით-მზისით ქალაქის ცენტრში უმოწყალოდ დახვრიტეს.


მას შემდეგ სრული თავისუფლება მიეცათ მართლმადიდებლობის დაუძინებელ მტრებს - პირსისხლიან სააკაშვილს, მის მამა-მარჩენალ სოროსს და სხვებს - შინაურს თუ გარეულს. უტევენ, მაგრამ დედა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში სატანა ტახტს ვერ დაიდგამს.

 

- მაგრამ არიან მღვდლები, რომლებიც თქვენზე ამბობენ: პატრიარქის ლოცვა-კურთხევას არ ასრულებდა და იმიტომ განკვეთესო.


- ვეთანხმები ვაი-მღვდლებს. მართლაც არ ვასრულებდი პატრიარქის უკანონო ლოცვა-კურთხევას.

 

- რას გულისხმობთ უკანონო ლოცვა-კურთხევაში?


- ძალიან ბევრ რამეს. პირველ რიგში, 1991-92 წლებში რაც მოხდა, ყველამ უწყით. პუტჩისტებმა როგორ ჩამოაგდეს საქართველოს ღვთივკურთხეული პირველი პრეზიდენტი და როგორ განდევნეს სამშობლოდან, ბოლოს კი მუხანათურად მოკლეს თბილისის აეროპორტში შევარდნაძის თანდასწრებით. მაშინ ზვიადის მომხრეები ბევრი ციხეში გამოამწყვდიეს. ასევე ბევრი მისი მხარდამჭერი ქუჩებში დახვრიტეს. სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, ბოლოს იქამდე მივიდნენ, ეკლესიებიდანაც კი ერეკებოდნენ. მე ვიყავი ერთადერთი მღვდელი, რომელმაც შევიფარე ისინი გლდანის ლომისის წმიდა გიორგის ეკლესიაში.


ამ დროს ჩემთან მოვიდა პატრიარქის ძმა ვიქტორი სხვა სასულიერო პირებთან ერთად. მომთხოვეს, დამეთხოვა ისინი ეკლესიიდან.


ეს იყო პირველი ლოცვა-კურთხევა, რომელიც არ შევასრულე.


მეორე ლოცვა-კურთხევა, რომელიც არ შევასრულე, ის იყო, რომ მე დავდიოდი საავადმყოფოებში და მიტინგებზე დაჭრილი ზვიადისტების მოსანახულებლად, ლოცვებს ვუკითხავდი მათ და ვაზიარებდი.


მესამე, საპატრიარქომ მკაცრად ამიკრძალა ციხეში შესვლა და პატიმრების ზიარება. პატიმრებს შორის სიკვდილმისჯილები იყვნენ: ლოთი ქობალია, პეტრე გელბახიანი და ირაკლი დოკვაძე. მე მართლმადიდებელი მღვდელი, ღმრთისა და სამშობლოს წინაშე ვალდებული ვიყავი, გაჭირვების ჟამს ვმდგარიყავი იქ, სადაც ჩემს ერს უჭირდა, უჭირდათ პატიმრებს, სიკვდილმისჯილებს. მათ მიხედვას თვით უფალი გვავალებს. სიცოცხლის რისკის ფასადაც კი შევდიოდი საპყრობილეში და ვაზიარებდი მათ.


ყოველივე ამის შემდეგ, შევხედე და თვალი გავუსწორე რეალობას: სამღვდელოებას საერთოდ არ აინტერესებდა ერის ჭირ-ვარამი და მხოლოდ პირადი ინტერესებით იყვნენ შემოფარგლულნი. აღვიქვი, რომ მათთან არაფერი მესაქმებოდა და გადავწყვიტე, დროებით განვშორებოდი მათ. მართლაც გამოვეყავი და დავემორჩილე საბერძნეთის ძველ მესტილეთა წმიდა სინოდს.

 

- მამაო, თქვენ ზემოთ ბრძანეთ, ზვიად გამსახურდია აეროპორტში მოკლესო. ყველამ ვიცით, რომ ის სამეგრელოში გარდაიცვალა. რის საფუძველზე აცხადებთ ასეთ სკანდალურ ამბავს?


- მე ადრეც ვთქვი ამაზე და კიდევ გავიმეორებ: ჩემთან მოვიდა სენაკის აეროპორტის ელექტრიკოსი, რომელმაც თქვა, რომ სენაკში პრეზიდენტი მიცვალებული ჩაასვენეს. ერთი ჩემი სოფლელიც, რომელიც ასევე თბილისის აეროპორტში მუშაობდა, მომიყვა, რომ იმ თვითმფრინავში, რომელშიც ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა სენაკში გასამგზავრებლად, შევიდა შევარდნაძე და გია გულუა. იქ რა მოხდა, არავინ იცის. შევარდნაძეს საკუთარი თვალით უნდოდა ენახა მკვდარი გამსახურდია. ამ ამბის შემდეგ პრეზიდენტი ცოცხალი არავის უნახავს. ამიტომ არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ზვიად გამსახურდია სამეგრელოში კი არა, სინამდვილეში თბილისის აეროპორტში მოკლეს...

 

 

ირანდა კალანდაძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner