საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, როგორც იქნა, დამთავრდა - პარლამენტმა იოლად დაძლია პრეზიდენტის ვეტო და ის საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალებას მისცემს. თუმცა კომერციული ტელევიზიების წარმომადგენლთა აზრით, რომლებიც გააფთრებულნი ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონის მიღებას, ახალი რეგულაცია არღვევს ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამის მოზიდვის უფლების მინიჭება მკვეთრად შეამცირებს იმ შემოსავლებს, რომლებსაც ისინი სარეკლამო მომსახურებიდან აქამდე იღებდნენ.
ვფიქრობთ, კომერციული ტელევიზიების ისტერიული შიში, რომ ახალი რეგულაციები საფრთხეს შეუქმნის მათ ფინანსურ მდგომარეობას, საფუძველს არის მოკლებული.
საქმე ის არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი წესდების მიხედვით, არ შეიძლება კერძო ტელევიზიების კონკურენტი იყოს და ეს ამ ტელევიზიების მფლობელებმაც შესანიშნავად იციან.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამის განთავსების უფლების მინიჭება სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ კერძო ტელევიზიები ამის გამო იზარალებენ.
შეიძლება პირიქით მოხდეს და ეს საკანონმდებლო ცვლილება კომერციული ტელევიზიებისთვის ახალი მოტივაციის, ახალი სტიმულის, განვითარების ახალი პერსპექტივების ძიების საბაბი გახდეს, რაც, უდავოდ, გამოაცოცხლებს მდორე, მოსაწყენ და თვითდინებაზე მიშვებულ სატელევიზიო ცხოვრებას.
როგორც ვთქვით, კერძო ტელევიზიები და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ შეიძლება ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ.
მაშინ რამ დარაზმა ერთად და რამ გააერთიანა ეს კერძო ტელევიზიები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, რომლებიც, კომერციული კუთხით თუ შევხედავთ, სწორედ რომ ერთმანეთის კონკურენტები არიან და, წესით და რიგით, მათი მოქმედებები საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად და მეტოქეების დასასუსტებლად უნდა იყოს მიმართული და არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩასაძირად?
რამ გააერთიანა და იმ პოლიტიკურმა ინტერესებმა, რომლებიც საერთო აღმოჩნდა როგორც კერძო ტელევიზიებისთვის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების იმ ნაწილისთვის, რომლებიც, მართალია, საკუთარ თავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს კი უწოდებენ, მაგრამ, სინამდვილეში, პოლიტიკური ორგანიზაციების საიდუმლო პარტნიორები არიან.
აბსოლუტურად ზუსტი იყო პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასება, რომელმაც „საზმაუს" წინააღმდეგ მიმართულ ამ ისტერიულ კამპანიას პოლიტიკური შტურმი უწოდა.
დიახ, ეს იყო კარგად ორგანიზებული პოლიტიკური შტურმი, დაგეგმილი „რუსთავი 2"-ის „გენშტაბში", „მთავარსარდალ" გვარამიას ხელმძღვანელობით, რომლებშიც ასო-ების გარდა, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, თავის დროზე „ნაცმოძრაობის" მიერ მწერლებად და პოეტებად დანიშნული სუბიექტები, აგრეთვე პირები, რომლებიც ყველა ექსტრემალურ სიტუაციაში, ხალხის სახელით, საზოგადოების სახელით ლაპარაკობენ, თუმცა ამ უფლებამოსილებით ისინი არავის აღუჭურვია.
მოკლედ რომ ვთქვათ, არა იმდენად კომერციული, არამედ ნათლად გამოხატული პოლიტიკური ინტერესები გამოიკვეთა იმ დისკუსიასა და პაექრობაში, რაც „საზმაუს" ახალი კანონის მიღებასთან დაკავშირებით გაიმართა და პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ კომერციული ტელევიზიები სარფიანი კომერციის მთავარ წყაროს პოლიტიკაში ხედავენ.
სწორედ პოლიტიკაა მათთვის აღებ-მიცემობის, ვაჭრობის, სარფიანი გარიგების მთავარი საშუალება, ხოლო გაძლიერებული, რეფორმირებული, მძლავრ და ავტორიტეტულ საინფორმაციო ტელეკომპანიად ქცეული საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო ტელევიზიებს შეიძლება თავიანთი კომერციული მიზნების ეფექტურად განხორციელების კუთხით ხელისშემშლელ ფაქტორად ექცეთ.
აი, ამის შიში აქვთ კერძო ტელეკომპანიებს და ამიტომ ებრძვიან საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების და გაძლიერების კეთილშობილურ იდეას და პროექტს, რომელიც ახალი კანონის მიღებით, მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში ქვეყნისა და საზოგადოებისთვის უაღრესად ხელსაყრელ რეალობად იქცეს.
საზოგადოებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ის, „საზმაუს" ბიუჯეტი 52 მილიონი იქნება თუ 57 მილიონი, რადგან ამ ბიუჯეტის დანიშნულებისამებრ ხარჯვის გაკონტროლება ნებისმიერ დროს შეიძლება შესაბამისი სტრუქტურების მიერ, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია კერძო ტელევიზიებთან მიმართებაში.
კერძო ტელევიზიები, ფაქტობრივად, დახურული ტიპის ორგანიზაციებია, რომელთა ბუღალტერიაც აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და მიუწვდომელია საზოგადოებისთვის.
ჩვენ, ფაქტობრივად, არაფერი არ ვიცით, ვინ აფინანსებს ამ კომერციულ ტელევიზიებს, რამდენით აფინანსებს, რატომ აფინანსებს და, საბოლოო ჯამში, რა მიზნებს ემსახურება ის კოლოსალური თანხები, რასაც დაუნანებლად ყრიან მავანნი და მავანნი ამა თუ იმ ტელევიზიის შენახვაში.
არადა, უნდა ვიცოდეთ, რადგან საქმე ეხება არა ჩვეულებრივ ბიზნესსტრუქტურას, რომელსაც, ვთქვათ და, გაყინული ქათმის ბარკლები ან პრეზერვატივები შემოაქვს საიდანღაც, არამედ ისეთ მძლავრ და სახიფათო საშუალებას, რომელსაც საინფორმაციო საშუალება, კონკრეტულად ტელევიზია ჰქვია, რომელსაც შეუძლია სერიოზული საფრთხეები შეუქმნას ქვეყნის სტაბილურობას, ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკას, გადამწყვეტი როლი ითამაშოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, სერიოზული გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე და ა. შ.
ვიმეორებ, საზოგადოებრივ მაუწყებელში კი არ არის პრობლემა, მთავარი პრობლემა კერძო ტელევიზიების ფინანსურ გაუმჭვირვალობაშია, როცა ბრმად და ხელისცეცებით გვიწევს სიარული დანაღმულ საინფორმაციო ველზე და არავინ იცის, სად რომელ ნაღმს წამოვკრავთ ფეხს და როდის ავფეთქდებით.
სახელმწიფო ვართ ჩვენ და, ცხადია, სახელმწიფოში უნდა არსებობდეს სპეციალური სამსახურები, რომლებიც სისტემატურად სწავლობს, იკვლევს და აანალიზებს მედიის, განსაკუთრებით ელექტრონული მედიის საქმიანობას, თუმცა დიდი კვლევა და ანალიზი სულაც არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ზოგიერთი ტელევიზიის საქმიანობაში აშკარად შეინიშნება იდეოლოგიური დივერსიის ელემენტები. ხელისუფლების კრიტიკას არავინ კრძალავს, მაგრამ სულ სხვა საქმეა, როდესაც ხელისუფლების კრიტიკის, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების ნიღბით ინიღბები და საკუთარ სახელმწიფოს, მის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდები და თავგამოდებული ცდილობ, საკუთარ ქვეყანას სახელი გაუტეხო, ათასგვარ ცოდვაში დაადანაშაულო.
მტრული, აგრესიული, დესტრუქციული, კონფრონტაციულ-მავნებლური - ასე შეიძლება შეფასდეს ზოგიერთი მედიასაშუალების მუშაობა, რასაც არავითარი კავშირი არა აქვს არც სიტყვის თავისუფლებასთან, არც დემოკრატიულ ღირებულებებთან, რაზეც ასე ხშირად აპელირებენ ვიღაც-ვიღაცეები.
თვალსაჩინოებისთვის ერთ ფაქტს მოვიყვან, რომელიც სულ ახლახან მოხდა.
„რუსთავი 2"-მა მოახერხა ინტერვიუს ჩაწერა აფგან მუხთარლისთან, რომელიც ორი დღით გაათავისუფლეს საპატიმროდან მისი ახლობლების ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით.
მუხთარლიმ მის მოტაცებაში საქართველოს ხელისუფლებას დასდო ბრალი და ამ „ტერორისტული აქტის" მთავარ ორგანიზატორებად ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა.
ცხადია, ეს ინტერვიუ რომ შემდგარიყო, „რუსთავი 2"-ს დიდი ძალისხმევა და მრავალი ბარიერის გადალახვა დასჭირდებოდა, მაგრამ მან მიზანს მაინც მიაღწია.
რატომ, რისთვის გაისარჯა „რუსთავი 2" ასე?
რისთვის და იმისთვის, რომ საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობა კიდევ ერთხელ დაერწმუნებინა, რომ საქართველო ტერორისტული ქვეყანაა, სადაც ადამიანებს იტაცებენ, ყოველივე ამას კი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი უდგანან სათავეში.
როგორი კოშმარული ამბავია, არა?
აქ არ არის იმის ადგილი, თორემ ვრცლად მოგახსენებდით, რა ჟურნალისტიც აფგან მუხთარლი არის და, საერთოდ, რას წარმოადგენს ის იატაკქვეშა აზერბაიჯანული ორგანიზაცია, რომლის წევრიც ბატონი მუხთარლი ბრძანდებოდა და რომლის მთავარი მიზანი ჩვენს მოძმე და მეზობელ აზერბაიჯანში „აზერბაიჯანული გაზაფხულის" მოყვანა იყო.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცის „რუსთავი 2"-მა, მან ისიც იცის, რომ გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა და საქმეში იმდენი საეჭვო გარემოება იკვეთება, რომ ვერსია მუხთარლის გატაცების შესახებ შეიძლება სრული სიცრუე და პროვოკაცია აღმოჩნდეს, თუმცა ასეთ „წვრილმანებზე" „რუსთავი 2" როდის დაფიქრებულა, რომ ახლა დაფიქრდეს?
ვინ არის ჩამკირკიტებელი და ჩამძიებელი, თორემ „რუსთავი2"-ის არცთუ ისე ხანმოკლე მოღვაწეობის განმავლობაში იმდენ საჩოთირო და სკანდალურ დეტალს აღმოაჩენ, შეიძლება იფიქრო, რომ ეს პატივცემული „რუსთავი 2" ჩვეულებრივი ტელეკომპანია კი არა, სადაზვერვო-საჯაშუშო ტიპის ორგანიზაციაა.
„რუსთავი 2", რომელიც თავის თავს დასავლური ღირებულებების რუპორად და ამ ღირებულებების ერთგულ მსახურად ასაღებს, სინამდვილეში, არ არის გამორიცხული, სულ სხვა სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებოდეს.
ასე ჩანს იმ საქმით, რომელსაც ის აკეთებს, ხოლო რას ამბობს სიტყვით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
როცა დაჟინებით ცდილობ, მოსახლეობა და სახელმწიფო სტრუქტურები ერთმანეთს დაუპირისპირო და მათ შორის ბარიკადები აღმართო, როცა ადამიანებზე მიზანმიმართულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენ და ხელს უწყობ მათ გაუცხოებას საკუთარი სახელმწიფოსგან, როცა ყოველდღე ისეთ აპოკალიფსურ სურათს ხატავ, თითქოს ამ ქვეყნის დასასრული დადგა და თუ შეგიძლია, თავს უნდა უშველო და უნდა გაიქცე, ვის აძლევს ყოველივე ეს ხელს და ვის წისქვილზე ასხამს წყალს?
კითხვაზე პასუხის გაცემა მკითხველისთვის მიმინდვია, მანამდე კი იმის თქმით დავკმაყოფილდები, რომ, აი, ასეთი საეჭვო სახის ტელევიზიის ფინანსური მხარე აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა საზოგადოებისთვის.
როგორც ვიცით, „რუსთავი 2"-ს სახელმწიფო ბიუჯეტის ძალიან დიდი დავალიანება აქვს, რომლის გადახდასაც არც თვითონ ჩქარობს და არც არავინ აჩქარებს.
საუბარია არა რაღაც უმნიშვნელო თანხაზე, არამედ რამდენიმე მილიონზე, რომელსაც „რუსთავი 2" ჯიუტად არ იხდის, ეს იმ დროს, როცა მილიონები კი არა, 500 და 1000 ლარზე წარმოებას გაგიჩერებენ და ქონებას დაგიყადაღებენ. აი, ეს უნდა ყოფილიყო იმ კერძო ტელევიზიების აღშფოთების საგანი, რომლებიც „რუსთავი 2"-ს მეცამეტე გოჭივით მაამებლური ღრუტუნ-ღრუტუნით აეკიდნენ _ იქნებ, იმ საიდუმლო ძუძუსთან ჩვენც მიგვიშვან, საიდანაც რძე ნაკადულივით მოჩქეფსო.
„რუსთავი 2"-ის ბიოგრაფია _ ეს არის „ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივ საქმიანობასთან გადაჯაჭვული კრიმინალური თავგადასავლებით სავსე ბიოგრაფია, რაც არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღემდე არ მოხდა ამ ბიოგრაფიის დეტალების სათანადოდ შესწავლა და გასაჯაროება, რაც პირდაპირ კავშირშია იმ გარემოებასთან, რომ დღემდე ვერ მოხერხდა „ნაცმოძრაობის" ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის გასამართლება.
ქართული ნიურნბერგის პროცესი ვერ შედგა, ამიტომაც ზის ქართულ ტელესივრცეში „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი ნიკა გვარამია „ქურდად" და „პალაჟენიებს" ალაგებს.
სანამ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, სანამ არ გაიხსნება „რუსთავი 2"-ის საიდუმლო სკივრები, სანამ არ გაიშიფრება „რუსთავი 2"-ის შავი ბუღალტერია, ქართულ ტელესივრცეში სულ ასეთი ქაოსი და განუკითხაობა იქნება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ქართული სახელმწიფო განვითარებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ქართული ტელევიზიების ფინანსური საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალე იყოს.
ამასწინათ ორი სკანდალი წაეწყო ერთმანეთს: ორმა კერძო ტელევიზიამ ხელისუფლება ზეწოლაში დაადანაშაულა, რაც იმაში გამოიხატებოდა თურმე, რომ ხელისუფლება ამ კერძო ტელევიზიების მესაკუთრეთა ბიზნესებს ავიწროებდა, საიდანაც ეს ტელევიზიები ფინანსდებოდა, რომ ამით ამ ტელევიზიებს საინფორმაციო პოლიტიკა მისთვის სასურველ ტონალობაში გადაეყვანა.
ნიშანდობლივია, რომ ეს ორივე მესაკუთრე, ძირითადად, თამბაქოს ბიზნესით არიან დაკავებული, სადაც მძაფრი და დაუნდობელი კონკურენციაა და, აქედან გამომდინარე, ადვილად შესაძლებელია, ის შეფერხებები და დაბრკოლებები, რაც მათ ბიზნესსაქმიანობას უარყოფითად შეეხო, სწორედ მათი კონკურენტებისგან მოდიოდეს, თუმცა ორივემ ხელი მაინც ხელისუფლებისკენ გაიშვირა, რაც სხვა არაფერია, თუ არა იაფფასიანი და სულმდაბლური შანტაჟი: ძვირფასი ხელისუფლებავ, თუ ჩემი ბიზნესის წარმატებულად წარმართვაში არ დამეხმარები, ჩემს პრობლემებს შენ დაგაბრალებ და თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლაში დაგადანაშაულებ.
ისმის კითხვა: თამბაქოს იმპორტიორებს საერთოდ რაში აინტერესებთ, ჰქონდეთ საკუთარი ტელევიზია და მის შესანახად მილიონები ხარჯონ?
იმისთვის ხომ არა, რომ ამ ტელევიზიებით საიმედოდ „გადახურონ" საკუთარი ბიზნესი და ამ ქოლგის ქვეშ უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი მაშინაც კი, როცა მათი ბიზნესსაქმიანობა კანონით დაშვებულ ნორმებს სცილდება, ხოლო თუ რაღაც გაუგებრობა მოხდება, შანტაჟზე გადავიდნენ, როგორც ეს უკვე მოხდა ზემოთნახსენებ შემთხვევაში.
ასეთი არაჯანსაღი ვითარებაა ჩვენი ტელემედის ბაზარზე, სადაც უაღრესად დაბალი ხარისხის პროდუქციაა გამოტანილი გასაყიდად, რასაც ამ პროდუქციის მწარმოებლები ხშირად ფინანსური ხელმოკლეობით ხსნიან, თუმცა მხოლოდ ფინანსებში რომ არ არის საქმე, ეს კარგად ჩანს ტელეკომპანია „იმედის" მაგალითზეც, რომელსაც მატერიალურად ნამდვილად არ უჭირს, მაგრამ მის საქმიანობას მაინც ღრმად პროვინციალური ელფერი დაჰკრავს.
ტელეკომპანია „იმედმა", რომელიც „რუსთავი 2"-დან გადმობარგებული „ლეგიონერების" საძმო სასაფლაოდ იქცა, ვერა და ვერ მოახერხა გამოეკვეთა საკუთარი ინდივიდუალური სახე და ეს არც არის გასაკვირი _ როცა სხვის მიერ შექმნილი პროდუქციის იმპორტით ზედმეტად ხარ გატაცებული, აუცილებლად დაკარგავ საკუთარ სახეს და იმ პროდუქციის შემქმნელის ასლად და კომპილაციად გადაიქცევი. „იმედის" მესვეურები ვერ მიხვდნენ, რომ მაყურებელს არ სჭირდება და არ აინტერესებს „რუსთავი 2"-ის განაყოფი „რუსთავი 2", „იმედის" სახელწოდებით და „იმედის" იარლიყით.
პირდაპირ ვიტყვით: გზა, რომელიც „იმედმა" თავისი მაუწყებლობის გადასახალისებლად და გასაუმჯობესებლად აირჩია, დიდი შეცდომაა, რასაც გარდაუვლად მოჰყვება ამ ტელეკომპანიის იმიჯის შელახვა და არცთუ ისე მაღალი რეიტინგის კიდევ უფრო დაბლა დაშვება.
ასეთი სავალალო სურათია ქართულ ტელესივრცეში და ამ სურათის შეცვლა ერთადერთ ტელეკომპანიას, „საზოგადოებრივ მაუწყებელს" შეუძლია.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი" არის ბოლო იმედი, ბოლო ფორპოსტი, რომელიც საზოგადოებას დარჩა, რომ თავისი სათქმელი ხმამაღლა გამოხატოს და ამით ქართული სახელმწიფოს განვითარების და გაძლიერების სწორი კონცეფციის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.
დისკუსიას ამ თემასთან დაკავშირებით „საერთო გაზეთის" მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ.