კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია ევროპა ნოსტრამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა 2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტები დაასახელა: პოსტ-ბიზანტიური პერიოდის ტაძარი ვოსკოპოია და ვითკუქში, ალბანეთი; ვენის ისტორიული ცენტრი, ავსტრია; ბუზლუჟას მონუმენტი, ბულგარეთი; დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, საქართველო; კონსტანტას კაზინო, რუმინეთი; პრინკიპოს ბერძნული ბავშვთა სახლი, პრინცების კუნძულები, თურქეთი დაგრიმსბის ყინულის ქარხანა, გაერთიანებული სამეფო.
ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ეს სამკაულები განსაკუთრებულად რთულ მდგომარეობაში არიან - ზოგ შემთხვევაში ადამიანების დაუდევრობისა და არასათანადო მოპყრობის, ხოლო ზოგან კი ექსპერტიზის, რესურსებისა და გამოცდილების ნაკლებობის გამო. მომდევნო თვეების განმავლობაში ევროპა ნოსტრასა და ევროპის საინვესიტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტები, სხვა პარტნიორებთან და ნომინატორებთან ერთად ესტუმრებიან შერჩეულ 7 ძეგლს და ადგილზე შეხვდებიან მათი გადარჩენისა და განვითარებაში ჩართულ ორგანიზაციებსა და მხარეებს. მულტიდისციპლინარული გუნდი უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას, მოახდენს დაფინანსების შესაძლო წყაროების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას ამ ღირსშესანიშნავი ძეგლების გადასარჩენად, ხოლო სპეციალისტები წლის ბოლომდე ჩამოაყალიბებენ გონივრულ სამოქმედო გეგმებს.
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ახალი სია გამოცხადდა კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელიწადის ფარგლებში, რომელიც აღიარებს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას ევროპულ, ნაციონალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე და ემსახურება ევროპის მოქალაქეების წახალისებას აღმოაჩინონ და ჩაერთონ კულტურულ მემკვიდრეობის გადარჩენის და განვითარების საკითხებში. წინა სიები გამოქვეყნებულ იქნა 2013, 2014 და 2016 წლებში.
ევროპა ნოსტრას პრეზიდენტმა, მაესტრო პლასიდო დომინგომ განაცხადა: „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ეს უახლესი სია შეიცავს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის იშვიათ საგანძურს, რომელიც დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას. ადგილობრივი თემი მოწადინებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ეს მნიშვნელოვანი ძეგლები, თუმცა ამისათვის საჭიროა უფრო ფართო, ევროპული მხარდაჭერა. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულსა და ევროპულ საჯარო თუ კერძო პარტნიორებს, რომ შემოგვიერთდნენ და ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ ძეგლების უსაფრთხო მომავალი."
„მიმდინარე ევროპული კულტურული მემკვიდრეობის წელიწადი ქმნის იდეალურ გარემოს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების მეოთხე სიის გამოქვეყნებისთვის. წინა პროექტის ფარგლებში შერჩეული ძეგლების შეფასებამ აჩვენა მათი შთამბეჭდავი პროგრესი და, ასევე, ხაზი გაუსვა კულტურულ მემკვიდრეობაში ინვესტიციის საჭიროებას, რაც უზრუნველყოფს მრავალ სარგებელს, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკურ დონეებზე. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ საჯარო და კერძო სექტორების დახმარების მეშვეობით მოხერხდება ახალ სიაში მოხვედრილი ძეგლების შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის", - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის დეკანმა ფრანცისკო დე პაულა კოელიომ.
2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი შეირჩა ევროპა ნოსტრას საბჭოს მიერ იმ 12 ძეგლიდან, რომლებიც ისტორიკოსების, არქეოლოგების, არქიტექტორების, ძეგლთა დამცველების, პროექტის ანალიტიკოსებისა და ფინანსისტების პანელმა შეარჩია. ნომინაციები წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოებამ და საჯარო დაწესებულებებმა, რომლებიც შეადგენენ ევროპა ნოსტრას წევრებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს ევროპის მასშტაბით.
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა პირველად ჩატარდა 2013 წლის იანვარში ევროპა ნოსტრას მიერ ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან, როგორც თანადამაარსებელთან. პროგრამის შთაგონების წყარო იყო ამერიკის შეერთებული შტატების „ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული ტრასტის" (US National Trust for Historic Preservation) მიერ წარმატებით განხორციელებული მსგავსი პროექტი. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა არ ემსახურება დაფინანსებას. მისი მიზანია იყოს ქმედების კატალიზატორი და გააძლიეროს „მაგალითის ძალის" მნიშვნელობა. მას მხარს უჭერს ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა, როგორც ევროპა ნოსტრას პროექტის „მემკვიდრეობის გაზიარება - ღირებულებების გაზიარება" ნაწილი.