logo_geo
eng_logo
მიხო მორჩილაძე: ოთხოზორიას და ტატუნაშვილის სიკვდილი მათ კისერზეა, ვინც ანწუხელიძის მკვლელები ცოცხალი დატოვა...
- +

15 მარტი. 2018. 18:12


27 თებერვალს ტელეჟურნალისტმა გოგონამ შემაჩერა რუსთაველზე და პროვოკაციულად მკითხა: საკმარისად მიგაჩნიათ თუ არა ხელისუფლების რეაქცია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე და რა უნდა გააკეთოსო ხელისუფლებამ?..


იგივე კითხვა დასვეს ამ არხის ჟურნალისტებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და იმავე საღამოს ამ ინტერვიუების ნაწილი აჩვენეს თავიანთი ოპოზიციური ტელევიზიით.


მიღებული პასუხები შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ.


პირველი: უმრავლესობის აზრით, არც საქართველოს ხელისუფლებას, არც ჩვენ (ხალხს) არავინ, არაფერს არ გვკითხავს და პასუხი კითხვებზე უნდა გასცენ მათ, ვინც დახმარებას დაგვპირდა, ვისაც ჩვენი პატრონობის პრეტენზია გააჩნიათ... იგულისხმება ორი დაპირისპირებული მხარე: რუსეთი და ამერიკა...


ამაზრზენი, გულისამრევი პასუხია, რაც მხოლოდ ერთს ნიშნავს: რომ გამოკითხულთა უმრავლესობას სახელმწიფოებრივი შეგრძნება დაკარგული აქვს!!!


რესპონდენტები ღიად ამბობდნენ და თავიანთ ნათქვამს სხვადასხვა ლოგიკური დასკვნებით ამაგრებდნენ:


აბა, ამის გამო ხელახლა ომს ხომ არ დავუწყებთ ამხელა რუსეთსო!..


(ვითომ მათ და მათნაირებს ერთი ომი მაინც რუსეთისთვის გამოცხადებული ჰქონდათ უკვე და ომის, ბრძოლის სურვილი უკვე გამოლეოდათ...


რეალურად, ეს პასუხი მობოდიშებას უფრო ჰგავდა, ვითომც, ჩვენ წინათ ვაჟკაცები, კაცები ვიყავით, ბრძოლის უნარი, სურვილი და შნოცა გვქონდა, მაგრამ დღეს, უბრალოდ, სხვა დროაო...)


მე იმედი დავიტოვე, რომ რესპონდენტთა ნაწილი ამ კითხვებზე პასუხს უფრო კონკრეტულად, უფრო დამაჯერებლად გასცემდა, სადაც არც საკუთარ პასუხისმგებლობას დაივიწყებდა და არც მთავრობისას, ჩვენი ქვეყნის მიმართ. რადგანაც, დღევანდელი მთავრობა, ვისაც რაღაც უნდა გაეკეთებინათ, არ ან ვერ გააკეთეს და კორესპონტენტი ჩვენ გვეკითხება, რას იზამდი იქ შენ, მთავრობის მაგივრად რომ აგვერჩიეო?!. კორესპონდენტი დარწმუნებული იყო, რომ ჩვენისთანა უბირი ხალხისგან მზა პასუხს მიიღებდა, მთავრობის დასახმარებლად, რა საკვირველია, მაგრამ ვუმუხთლეთ...


ვუმუხთლეთ იმიტომ, რომ განა ჩვენ არ ავირჩიეთ დღევანდელი მთავრობა, ხომ შესანიშნავად ვიცოდით, ამ მთავრობაში ვინ რისი გამკეთებელი იყო?..


რაც ერია, ის ბერიო...


მე უფრო იმ რესპონდენტების იმედი მაქვს, ვინც ოპოზიციურმა გადაცემამ „არჩევანმა" არ გამოაჩინა.


ისე კი... დღევანდელი ოპოზიცია ხომ იყო ოდესღაც მთავრობა?


მე მათ გასაგონად მინდა ვთქვა, წინა მთავრობების გასაგონად. რატომ მაშინ არ გააკეთეთ გასაკეთებელი, როდესაც ჩვენი „რიგითი" გმირი ანწუხელიძე აწამეს, რაც ასი ათასობით ადამიანმა ვიდეოთი ნახა და რაა მერე?..


ღირსების მქონე მთავრობა შესანიშნავად გამოარჩევდა წამების ამსახველ ვიდეოში მწამებლებს, რადგან სწრაფად დაადგენდა მათ სახელსა და გვარებს და შემდგომ მათ ან ჩამოიყვანდა თბილისში და აქ გაასამართლებდა, ან იქვე სათითაოდ ჩააძაღლებდა!... ისე, რომ არც კი დატოვებდა კვალს. ანწუხელიძის მწვალებლები საკუთარმა მეზობელმა, თანამოქეიფემ მოკლა, თუ ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, ან ავტოავარიაში გარდაიცვალა.


ასე მოხდებოდა რამდენჯერმე და ოთხოზორიას მკვლელი ათასჯერ დაფიქრდებოდა, სანამ იარაღს ქართველი ძალოსნების გარემოცვაში შემართავდა.


ოთხოზორიას და ტატუნაშვილის სიკვდილი იმათ კისერზეა, ვინც თავის დროზე ანწუხელიძის მკვლელები ცოცხალი დატოვა! და ხვალ შეიძლება მთელი ჯგუფი ქართველ პატრიოტთა ჯგუფი მტერმა სამგზავრო ავტობუსით წაიყვანოს, ჩვენს თვალწინ აწამოს, ჩვენი წაყრუებით არდანახვითა და არგაღიზიანებით გათამამებულმა გააუპატიუროს და ქათმებივით დასჭრას ყელი...


აი, ეს ვთქვი ამ ოპოზიციურ ტელეარხზე ინტერვიუში და მხოლოდ და მხოლოდ ორი სიტყვა დამიტოვეს ეთერში: მთავრობა უსუსურად, ღირსებააყრილი, საწყალობლად ვიქცევით-მეთქი. ამით დავიწყე და ჩემი სიტყვის დასასრულსაც დრეს კითხულობთ.


P.S. მე მაინც იმათი იმედითა ვარ, ვინც „არჩევანმა" არ გაუშვა ეთერში...



მიხო მორჩილაძე - მწერალი

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner