„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავა. დაკავებული არიან 1983 წელს დაბადებული რ.გ, წარსულში ნასამართლევი პირი და 1980 წელს დაბადებული გ.გ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი", - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. „კანონიერი ქურდებთან" და მათი დავალებით მოქმედებდნენ.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.