საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ასაკობრივი გუნდების სპორტულმა ხელმძღვანელმა გია გეგუჩაძემ „მიხეილ მესხის" მედია-ცენტრში პრეზენტაცია გამართა. გია გეგუჩაძემ ჟურნალისტებს ასაკობრივი ნაკრებების განვითარების გეგმა-პროექტი გააცნო.
მედიის წარმომადგენლებს თავიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართა, რის შემდეგაც გია გეგუჩაძემ დეტალურად ისაუბრა ასაკობრივი ნაკრები გუნდების განვითარების გზებზე, წვრთნის მეთოდიკაზე, სათამაშო სისტემაზე, იდეოლოგიასა და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე. გეგუჩაძემ ჟურნალისტთა შეკითხვებსაც უპასუხა და იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობა-თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
გია გეგუჩაძის განმარტებით, ასაკობრივი ნაკრებების განვითარების გეგმა ყველა ნაკრებს ერთიან, სრულფასოვან სისტემაში მოაქცევს, რომელიც სამ-ნახევარი წლის შემდეგ წარმატებულ შედეგს მოიტანს. პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს რეგიონალური ნაკრებების შექმნა და ინტენსიური სასელექციო პროცესი, რომლის შედეგადაც 2019 წლისთვის ეროვნულ ნაკრებში ყველა პოზიციაზე მინიმუმ სამი ფეხბურთელი იქნება. კონკურენციის გაჩენა კი ხარისხზეც დადებითად აისახება.