logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
- +

16 მარტი. 2018. 20:59



საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.


გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში პოლიციის ატაშეების მიერ შეტანილი წვლილი. საქართველოს და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა თურქეთის პოლიციის ახალი ატაშეს დანიშვნის საკითხიც განიხილეს.


გიორგი გახარიამ სულეიმან სოილუს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ შედეგებზე ესაუბრა და ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი გააცნო, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს.


გიორგი გახარიამ სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საზღვარზე უმჯობესდება რისკების ანალიზის სისტემა, ასევე, გრძელდება საზღვრის მართვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც საზღვრის ეფექტიანი მართვის წინაპირობაა.


მხარეებმა „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის შესახებ" გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ერთობლივი კომისიის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება და ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობასთან, ტერორიზმთან და სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.


შეხვედრაზე გიორგი გახარიამ და სულეიმან სოილუმ ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმს. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ, გააღრმავონ ორმხრივი თანამშრომლობა ორგანიზებული ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ორივე ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.


შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner