logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: შვედეთში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა, პრევენციისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ!
- +

16 მარტი. 2018. 22:38


 

„უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ, შვედეთში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა, აღნიშნულის პრევენციისთვის საქართველოს მთავრობა დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს", - ამის შესახებ შვედეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.


შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიას შეხვედრისას ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის დანაშაულის და განსაკუთრებით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემდგომი გაძლიერების შესახებ" ერთობლივ განცხადებას.


მხარეებმა შვედეთში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ქვეყნისთვის გადმოცემის შემდეგ, მათ მიერ სასჯელის საქართველოში მოხდის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ შვედეთი და საქართველო ამ საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ, განსაკუთრებით, ამ მიმართულებით ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე, რომლის თანახმად, შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები სასჯელს საქართველოში მოიხდიან.


„ვფიქრობთ, თანამშრომლობის არსებული ფორმა საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა, საჭიროა მისი გაძლიერება და ჩვენ გამოვხატავთ მზაობას, ახალი ნაბიჯები გადავდგათ ამ მიმართულებით.

 

უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. აღნიშნულის პრევენციისთვის საქართველოს მთავრობა დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა და საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მისივე თქმით, რამდენიმე საკითხზე მოხდა შეთანხმება, მათ შორის, იმის შესახებ, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცველებს შორის გაღრმავდება თანამშრომლობა ოპერატიულ დონეზე და ფაქტობრივად, მიღწეული იქნა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში, შვედეთის მთავრობის მხრიდან მსგავსი საკითხი, როგორც პრობლემური, უკვე აღარ დაისმება.


„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სამართალდამცავ უწყებებს შორის ოპერატიულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი ნაბიჯები იქნება გადადგმული და ეს გადაწყვეტილება დაფიქსირებულ იქნა მემორანდუმში, რომელსაც ხელი მოეწერა. ასევე, შვედეთის მხარემ გვთხოვა, განგვეხილა საქართველოს მოქალაქეების საკითხი, რომლებიც იმყოფებიან შვედეთის პენიტენციალურ სისტემაში, შესაძლებელი არის თუ არა მათი საქართველოში გადაყვანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


რაც შეეხება შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრს, პრესკონფერენციაზე მან ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ეფექტიან თანამშრომლობას, არა მხოლოდ მინისტრების, არამედ ოპერატიულ დონეზეც.


ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარიამ შეხვედრები გამართა შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან მორგან იოჰანსონთან, შვედეთის პოლიციის ეროვნულ კომისართან ანდერს თორნბერგთან და შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ბიორნ სოდერთან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner