logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია შვედეთის პოლიციის ახლად დანიშნულ ეროვნულ კომისარს შეხვდა
- +

16 მარტი. 2018. 22:40



შვედეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, შვედეთის პოლიციის ეროვნულ კომისარს ანდერს თორნბერგს შეხვდა.


საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ანდერს თორნბერგი თანამდებობაზე ახლად დანიშნულია. მან პირველი საერთაშორისო შეხვედრა სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართა.


შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ წარმატებულ ოპერატიულ თანამშრომლობას, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს წვლილი. გიორგი გახარიამ შვედ კოლეგას უახლოეს მომავალში დაგეგმილი რეფორმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.


შვედურმა მხარემ ქართული დელეგაციისთვის სპეციალური პრეზენტაცია გამართა და საერთაშორისო ოფიცრების მუშაობის პრინციპები გააცნო.


ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარიამ შეხვედრები გამართა შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან მორგან იოჰანსონთან და შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ბიორნ სოდერთანაც.


ბიორნ სოდერთან საუბრისას განსაკუთრებულად აღინიშნა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული ნაყოფიერი შეხვედრის შედეგები. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. შვედურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს სრული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.


„ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენს პარლამენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი ეწვია. ჩვენ ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ შვედეთისა და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელსაც საკმაოდ მრავალწლიანი ტრადიცია აქვს.

 

ვფიქრობ, როგორც საპარლამენტო, ასევე, აღმასრულებელ დონეზე არსებობს არაერთი საკითხი, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს და გუშინდელი შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერსა და შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის სასარგებლო იქნება ამ მიმართულებით", - განაცხადა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბიორნ სოდერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ქართულმა მხარემ შვედ პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, როგორც ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner