თემურ გვალია „facebook"-გვერდზე 8 მარტის მისალოც ბარათს აქვეყნებს და იხსენებს, როგორ აჩუქა მას გია ფერაძემ.
„ეს „ატკრიტკა" 1981 წლის 8 მარტს მაჩუქა გია ფერაძემ.. რუსთაველზე კაფე „ჩხირებში" ვისხედით, „ჩიჟი-პიჟის" მივირთმევდით და ზემოდან სამვარსკვლავიან კონიაკს ვუკაკუნებდით... გვემსახურებოდა მერი „მამიდა" (ასე შეარქვა გიამ, იმიტომ რომ მერიც გვარად ფერაძე იყო) და ლამზირა დეიდა. ორმა დავიწყეთ თავიდან, ნელ-ნელა გვემატებოდა და გვემატებოდა ხალხი, თეატრალურის სტუდენტები, რუსთაველის თეატრის რამდენიმე მსახიობიც შემოგვიერთდა და შევუბერეთ... იქ ორი მაგიდა მივაერთეთ, მაგრამ მაინც არ გვყოფნიდა ადგილები... მე გავედი გვერდზე, რესტორან „თბილისში" და შევუკვეთე შუშებში 15-კაციანი მაგიდა.. გადავედით ყველა რესტორან „თბილისში" და იქ შევუბერეთ.. ისევ კონიაკი და ქალბატონებისათვის შამპანური „პოლუსუხოი"...
მივულოცეთ 8 მარტი საფუძვლიანად... გია გავიდა გარეთ და 5 წუთში დაბრუნდა, ჩემს გვერდზე იჯდა. უცებ ფეხი მკრა და სხვისთვის შეუმჩნევლად მომაწოდა 8 მარტის მისალოცი ბარათი, ზღარბი ეხატა და ეკლებით ვაშლი მიჰქონდა, ხოლო მეორე გვერდზე კი ეს ტექსტი ეწერა, გადმომაწოდა და ეშმაკურად თვალი ჩამიკრა... ძალიან მენატრება გია..." - იხსენებს თემურ გვალია.