სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 8 პენიტენციურ დაწესებულებას მწერალთა კავშირის წარმომადგენლები ესტუმრნენ და პოეზიის საღამო გამართეს.
შეხვედრაზე მწერლებმა ია სულებერიძემ და ბადრი ქუთათელაძემ საკუთარი ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებაზე მსჯავრდებულებმა/ბრალდებულებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს და პოეზიის შესახებაც ისაუბრეს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ეს იყო კონტაქტი პოეტებს შორის. აქ რამდენიმე ლექსი მოვისმინე, რომელიც მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულდა. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ლექსები როგორც კოლეგებმა." -განაცხადა ია სულაბერიძემ.
მსჯავრდებულებმა მწერალთა კავშირის წევრებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს რომ მსგავსი შეხვედრები მათთვის მნიშვნელოვანია.
„დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ. მოვისმინე ძალიან ნიჭიერი ხალხის მიერ დაწერილი საინტერესო ლექსები. ადამიანი, რომელიც ჩაკეტილია ერთ სივრცეში, ფიქრისთვის უფრო მეტი დრო ეძლევა. აქედან გამომდინარე ის თავის დასკვნებს წერს ფურცელზე და გადმოაქვს ლექსის, მოთხრობის სახით" - განაცხადა მსჯავრდებულმა.
შეხვედრის ბოლოს მწერალთა კავშირის წევრებმა ია სულაბერიძემ და ბადრი ქუთათელაძემ დაწესებულების ბიბლიოთეკას საავტორო წიგნები გადასცეს.
შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ფარგლებში, ჩატარდა.