ავტორი ნინო ჯიბუტი
Euronews.ge-ს ცნობით, ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში რუსული პროპაგანდის გაზრდის საკითხზე სპეციალური მოხსენება მზადდება.
სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში ევროპარლამენტმა უკვე დაამტკიცა მოხსენება, რომლის მიხედვითაც, ის ინტერნეტ-კომპანიები, რომლებიც რუსული ექსტრემისტული პროპაგანდის გავრცელებით არიან დაკავებული, სპეციალურ პასუხისმგებლობას დაექვემდებარებიან. აღნიშნულ თემაზე „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ესაუბრა. მისი თქმით, არსებობენ სხვადასხვა ორგანიზაციები, არასამთავროები, რომლებიც პროპაგანდას უწევენ, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა უფრო აწყობს. მაღრაძის თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემს და ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი.
პარლამენტარი ფიქრობს, რომ მოხსენებაზე საუბარი იქნება, ხდება თუ არა სადმე არასწორი, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ისეთი მოწოდება, რომელიც შესაძლოა ზიანის შემცველი იყოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. ეს საკითხები ერთმანეთისგან გასამიჯნი გახდება, რომელიც საკმაოდ რთული პროცესია.
„ვფიქრობ, მოსახლეობას აკრძალვის მაგივრად კონტრპროპაგანდა უნდა ვაჩვენოთ, თუ რატომ არის ევროპული გზა უკეთესი, ამ მიმართულებით უნდა გავზარდოთ მუშაობა. აკრძალვები, დევნა და აშ... არ უნდა დავიწყოთ, თუმცა, თუ აშკარა გამოხატულება იქნება, რომ ვთქვათ, რაღაც ზიანი მიაყენეს ქვეყნის უსაფრთოხებას, ასეთ დროს ყველა ქვეყანა საკუთარ თავს შესაბამისი ზომებით იცავს.
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ რომ გადაწყვიტოს ევრაზიულ კავშირში შესვლა და ა.შ... ცხადია, ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავ. რადგან საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ გამოხატა თავის ლტოლვა ევროპული ინტეგრაციისკენ.
მიმდინარე რეფორმებს მარტო ხელისუფლება ვერ გაატარებს, ჩვენ ამ რეფორმებში ხალხი მოგვყვება, რომ გავხდეთ ევროპული ტიპის სახელმწიფო.
ხალხს მოსწონს, რომ უნდა იყოს ანტიკორუფციული მექანიზმები, სასამართლო დამოუკიდებელი, ადამიანების უფლებები დაცული და ა.შ. საქართველოში რომ რაღაც საშინელება მოხდება, ამის შიში არ გვაქვს, ჩვენ გაცილებით უფრო წინ ვართ, ვიდრე სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნები, იქნება ეს პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ის ექვსი ქვეყანა თუ ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც. აქ ჩვენთან საკმაოდ ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას ამ საკითხების მიმართ. თუმცა, გარკვეული ნაწილი არსებობს, რომელსაც თუ კარგად გააცნობიერებინე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, არც ისინი იქნებიან თანახმა, რომ რუსეთისკენ ვიბრუნოთ გეზი. იმ ადამიანებს რომ ვუთხრათ, თქვენ ისევ საბჭოთა კავშირისნაირ ქვეყანაში შეხვალთ-თქო, ამის მომხრე არავინ იქნება, შეიძლება მხოლოდ, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები დარჩნენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ კონტრპროპაგანდაა საჭირო, რაც ნიშნავს - იმას ვამხილოთ ის, რასაც ე.წ. პრორუსული ორგანიზაციები ამბობენ, რომ საქართველოს მომავლისთვის ეს არის დამღუპველი და ჩვენ კი ვაჩვენოთ, რომ ევროპული გზა არის კარგი და საჭირო, ეს უნდა გაუცნობიერდეს თითოეულ მოქალაქეს " , - განცხადა გუგული მაღრაძემ.