logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა ნოტარიუსი ნუნუ გინტური სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
- +

27 აპრილი. 2016. 22:13


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ყოფილი ნოტარიუსი ნუნუ გინტური და აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე ია იაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.


გამოძიებით დადგენილია, რომ ნოტარიუსმა ნუნუ გინტურმა და მისმა თანამზრახველმა, ია იაშვილმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ერთ-ერთი ბინათმშენებლობის ამხანაგობის თავმჯდომარეს და კიდევ ერთ მოქალაქეს მისცეს პირობა, რომ დაეხმარებოდნენ შეღავათიანი სესხის მიღებაში, რისთვისაც მოტყუებით, სასურველ პირზე გააცემინეს უძრავი ქონების მინდობილობები, მათ შორის, თბილისში, ოჟიოს ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის განკარგვის შესახებ.


რეალურად, ბრალდებულებმა სესხის ხელშეკრულების ნაცვლად გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც უკანონოდ გაყიდეს აღნიშნული უძრავი ქონება. საერთო ჯამში, დაზარალებულთა მიმართ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 604 736 აშშ დოლარი. დღეის მდგომარეობით ნუნუ გინტურს ჩამორთმეული აქვს სანოტარო უფლებამოსილება.


საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner