logo_geo
eng_logo
„თამარ ჩერგოლეიშვილმა სამსახურის სანაცვლოდ სექსი შემომთავაზა!“
- +

19 მარტი. 2018. 03:41

 

 

ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ჩემთვის ძალიან რთულა ამაზე საუბარი. მაგრამ თავი ვალდებულად ჩავთვალე ხმა ამომეღო მას შემდეგ, რაც „ტაბულამ“ ზვიად დევდარიანზე მსგავსი ბრალდებების შემცველი სტატია ყოველდგავარი დასაბუთებისა და ფაქტების გარეშე გაავრცელა.

 

ყველაფერი 2013 წელს დაიწყო. მაშინ მე 23 წლის ვიყავი და ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორში, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დასაცავად. თამარ ჩერგოლეიშვილი ზაფხულში, ერთ-ერთ კონფერენციაზე გავიცანი. ფურშეტზე გამომელაპარაკა და აღნიშნა, რომ ჩემი მოხსენება ძალიან მოეწონა. ცოტა ხანი ვისაუბრეთ ჟურნალისტიკაზე და მის როლზე ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, მეც ჟურნალისტი ვარ პროფესიით. ძალიან მესიამოვნა ასეთი ცნობილი ჟურნალისტისა და საჯარო ფიგურისგან შექება და სახლში რომ მივედი, იმავე საღამოს ფეისბუკზე დავამატე, ალბათ სწორედ აქ დავუშვი საბედისწერო შეცდომა.

 

ჩვენ შორის რაღაც პერიოდის განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ შემდგარა, თუ არ ჩავთვლით მისი მხრიდან რამდენიმე სურათის დალაიქებას. შემდეგ კი რაღაც უცნაური მოხდა, ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ პირად მიმოწერაში ლინკი ჩამიგდო. ვაკანსიის ლინკი, რომელსაც „ტაბულა“ აცხადებდა ჟურნალისტის პოზიციაზე. ვაკანსიას ყურადღებით გავეცანი და ზრდილობიანად ვუპასუხე, რომ პირობები არ იყო ჩემთვის მისაღები. ამაზე მიპასუხა:

 

– ეს ზოგადი პირობებია, შენთვის შეიძლება განსხვავებული იყოს, გამომიარე ოფისში და განვიხილოთ ეს ამბავიო.

 

ჩავთვალე, რომ ასეთი განსხვავებული დამოკიდებულების გამოვლენა იმის შედეგი იყო, რომ კონფერენციაზე ჩემი გამოსვლა ძალიან მოეწონა, სხვა რამ არც მიფიქრია. როდესაც მის ოფისში მივედი მაშინ უკვე ყველაფერი ცხდი გახდა. მახსოვს რომ კარი გადაკეტა და ჟალუზები ჩამოსწია, რამის დალევა შემომთავაზა და საკუთარ ჭიქაში ვისკი დაისხა, რაც ასევე უცნაური იყო საქმიანი შეხვედრისთვის.

 

შემდეგ დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ სურდა მისი მარჯვენა ხელი ვყოფილიყავი, მათ შორის მივლინებებში სიარულის დროსაც, დამპირდა: ხელფასი იმაზე სამჯერ მეტი გექნება, ვიდრე ახლა გაქვსო. როდესაც დაბნეულობა შემატყო, ჩვეულ სტილში გადაიხარხარა: რა იყო ცოლი ხომ არ გყავსო.

 

გადავწყვიტე მეც მეხუმრა და ასე განმემუხტა სიტუაცია:

– თქვენ რომ კაცი ყოფილიყავით და მე ქალი, ჩავთვლიდი რომ სექსს მთავაზობთ სამსახურის სანაცვლოდ მეთქი.

 

– ასეც რომ იყოს, მერე რა მოხდაო? -ჩემთვის მოულოდნელად, სერიოზულად მიპასუხა.

 

მე სკამიდან წამოვიწიე და შეძლებისდაგვარად ზრდილობიანად ვუპასუხე:

 

– მე მყავს მეგობარი გოგონა მეთქი.

 

ამაზე ისევ გადაიხარხარა:

 

– საერთოდ არ გიხდება პატიოსანი ბიჭის როლიო.

 

ამან უკვე ძალიან გამაბრაზა და კარისკენ გავწიე, ამ დროს ხელი მომკიდა და იქვე, ოფისში სცადა ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარება. ამაზე იმდენად მძაფრი რეაქცია მქონდა, რომ თავადვე გააღო კარი და ისეთი საქმიანი სახით დაჯდა სამუშაო კომპიუტერთან, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

 

მეორე დღეს შევედი იმ ვაკანსიის ლინკზე და აღებული დამხვდა.

დიდხანს ვინახავდი ამ ისტორიას ჩემთვის, მხოლოდ ახლა მოვიკრიბე ძალა და გადავწყვიტე ხმამაღლა საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, საზოგადოებას ქალის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტზე საუბარი სასაცილოდ არ ეყოფა.

 

 

P.S. სტატიაში მოყვანილი ამბავი და ყველა ფაქტი არის თავიდან ბოლომდე გამოგონილი და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, რამდენად მარტივია ადამიანის დისკრედიტირება საზოგადოების თვალში, ყოველგვარი ფაქტობრივი მასალის მოყვანის გარეშე, მათ შორის ანონიმური წყაროების მეთოდის გამოყენებით, როგორც ეს „ტაბულამ“ გააკეთა ზვიად დევდარიანის თემასთან დაკავშირებით (რომელიც შესაძლოა, რეალურად მართლაც არის დამნაშავე)" - წერს თორნიკე რაზმაძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner