პარლამენტში პლენარულ სესიაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დეპუტატები ხათუნა გოგორიშვილი და ლუკა კურტანიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დეპუტატების დაპირისპირების მიზეზი ლუკა კურტანიძის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლა გახდა, სადაც მან „ნაციონალური მოძრაობის" მანდილოსანი წევრებიც მოიხსენია.
ხათუნა გოგორიშვილმა კურტანიძეს მეტი კორექტულობისკენ მოუწოდა, რაც კურტანიძის გაღიზიანების მიზეზი გახდა.
ინციდენტი სხდომათა დარბაზში მალევე განიმუხტა.
დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს ის წიგნი წარუდგინა, სადაც დეპუტატის თქმით, ის პროექტებია ასახული, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ისტორია მეორდება ხოლმე. ამ ისტორიაში ხალხი თავს იმკვიდრებს ისე, რაც სახარბიელო არ არის. ჩვენი ოპონენტები და არამხოლოდ ჩვენი ოპონენტები - საქართველოს ოპოზიციაში მყოფი ადამიანები - ბატონი აკაკი მინაშვილი, ქალბატონი თინათინ ბოკუჩავა გამოდიოდნენ და გვიმტკიცებდნენ იმას, რომ ქვეყანა უფსკრულშია. ქალბატონო თინათინ, თქვენ ფიზიკურად ძალიან სათნო და ლამაზი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ თქვენ იმ კოშმარს წარმოგვიდგენთ, რისი დავიწყებაც მთელს საქართველოს უნდა. მინდა ის ისტორია შეგახსენოთ, როცა ილია ჭავჭავაძეს თქვენისთანა ბერბიჭაშვილებმა ესროლეს ტყვია. დღეს ერის კაცზე ამბობთ... ეს 243-გვერდიანი წიგნია. ქალბატონო თინათინ და თქვენ, ნადირაშვილო და ასე შემდეგ, დანარჩენებო - წაიკითხეთ, გადახედეთ. აი ეს სიკეთე, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, გადაამოწმეთ და დარწმუნედებით, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე! ეს იყო 2012 წლამდე"-განაცხადა ლუკა კურტანიძემ სხდომაზე.