logo_geo
eng_logo
აჭარაში სახანძრო და შრომის უსაფრთხოების შესახებ ტრენინგები იწყება
- +

19 მარტი. 2018. 16:08



აჭარაში სახანძრო და შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი განთავსების ობიექტების 300-მდე თანამშრომლისთვის ტრენინგებს 27 მარტიდან გეგმავს. ერთთვიანი აქტიური სწავლებისას სასტუმროებისა და მსგავსი ტიპის ობიექტების მართველი გუნდი, ტექნიკური მენეჯერები და სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლები  სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს გაეცნობიან.



თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგების ძირითადი მიზანია მონაწილეებს გააცნოს სახელმწიფოს პოლიტიკა შრომის უსაფრთხოების სფეროში, მოსალოდნელი ცვლილებები  კანონმდებლობასა და რეგულაციებში, ასევე საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები. გარდა ამისა, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგების მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს განავითარონ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭირო   უნარები და  ძირითადი  კომპეტენციები, ხელი შეუწყოს ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების განვითარებას.



ჩვენთვის მნიშვნელოვანია  რეგიონის ყველა ტურისტი, ვიზიტორი თუ ადგილობრივი, რომელიც სხვადასხვა სერვისის მომხმარებელია თავს გრძნობდნენ უსაფრთხოდ. ამიტომ ვიწყებთ ძალიან საჭირო ტრენინგებს სახანძრო და ზოგადად შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს იქნება თეორიული და პრაქტიკული სწავლებები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სასტუმროებში თუ ობიექტებში პასუხისმგებელნი არიან საკუთარი თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოებაზე. პროფესიონალი ტრენერები მონაწილეებთან ერთად დეტალურად გაივლიან ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით აუცილებელია სასტუმროს ნორმალურად ფუნქციონირებისთვის, გააცნობენ მათ საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით ამ მიმართულებით არსებულ სტანდარტებს და კანონმდებლობას. პირველ ეტაპზე, ჩვენ სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ 300-მდე მოქალაქეს, 80 სასტუმროდან გადავამზადებთ. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კანონით დადგენილი კომპეტენციებით ვერ ანხორციელებს განთავსების ობიექტების მონიტორინგს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით და საგანმანათლებლო კუთხით გრძელვადიანი გეგმა შევიმუშავეთ. სამომავლოდაც გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან პროექტს და ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორი აქტიურად ითანამშრომლებს დეპარტამენტთან ამ მიმართულებით", - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.



ტრენინგები უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ რეგისტრირებული განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ უსაფრთხოების საკითხების კუთხით არსებული სტანდარტების გაცნობა და განთავსების ობიექტების გამართულად მუშაობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებს 27 მარტიდან დაიწყებს და აპრილის ბოლოს დაასრულებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner