„არ ვიცით ვინ იყო ოშკის არქიტექტორი, გელათის არქიტექტორი, მცხეთის ჯვრის, ალავერდის, ვარძიის, ბაგრატის ტაძრის, ყველაზე დიდი ბაზილიკების - ოთხთა ეკლესიის, პარხლის..."- წერს ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ისინი, ვინც ოდითგანვე ღირსეულ და სამშობლოსთვის დასაფასებელ საქმეს აკეთებდნენ, არასოდეს ჰქონიათ სურვილი ამით დიდება მოეპოვებინათ, განსხვავებით მოღალატეებისგან...
„არ ვიცით ვინ იყო სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი („არსუკისძე" მერე იყო, გადაკეთება-გადმოკეთების ამბებში).
თითქმის არცერთი ციხესიმაგრის არქიტექტორის ვინაობა არ ვიცით. არცერთი სვანური კოშკისა. რა მნიშვნელობა აქვს, ყველა ხომ „სვანურია"... არცერთი ხიდისა. ყველა ხომ „თამარისაა"...
ჩვენი უმთავრესი მატიანის - „ქართლის ცხოვრების" თითქმის არცერთ ავტორს არ ვიცნობთ.
რუსთველი ვინ იყო, ან ვიცით და ან არა.
არ ვიცით ვინ იყო ყინწვისის ანგელოზის მხატვარი, ძველი „ხალხური" სიმღერების ავტორები („ხალხს" არცერთი არ დაუწერია).
ბექა-ბეშქენის გარდა თითქმის არცერთი ძველი ოქრომჭედელი არ ვიცით.
სამაგიეროდ, ვიცით უამრავი იდიოტის, მოღალატის, გარეწრის, მლიქვნელის, მეტიჩარას, მტრის ფერხთით მოკუნტრუშის სახელი, უწინ თუ ახლა...
აი, ამოდენა შედევრი რომ წამოჭიმა, წარწერებით გაძეძგილ ტაძარში თავისი სახელიც კი რომ არ მიაწერა სადღაც, ქვის კუთხეში, აი, იმ კაცთან დამსვა ერთი ტაბლასთან და თითო კოკა წითელი ღვინო მიმართმევინა, მეტი არ მინდა რა..."- წერს ბუბა კუდავა.