სამი წლის წინ, 2015 წლის 28 მარტს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღით სამჯერადი გასროლით ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი მოკლეს. პროკურატურამ 21 იანვარს გამოაცხადა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა საქართველო დატოვეს და მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, იანვარში კი საქმე გახსნილად გამოაცხადეს. მკვლელობაში ბრალდებულნი, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები ვინმე ალექსანდრ დამეტოვი და ოლეგ დოევი აღმოჩნდნენ, რომლებიც საქართველოში უკრაინიდან შემოვიდნენ და აი, რას ამბობს ბესო ხარძიანი მკვლელობამდე ერთი თვით ადრე „კავკასიის" ეთერში: „მე რომ დავდივარ, არ ვიცი, რა დამემართება, იმიტომ, რომ ჩემთან დაპირისპირებული ვინც არიან, მათთვის არაფერი არ არის ადამიანის ამქვეყნიდან გაქრობა, ქილერის დაქირავება. ზოგი უკრაინაშია და იქ აგროვებს მომენტებს... ერთხელაც ქურასბედიანი (ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი. - ავტ.) მეუბნება: პროკურატურაში გაიასნებული მაქვს. რომც მინდოდეს, ესე არ არის წილის დაბრუნება... მე გაიასნებული მაქვსო. რა გაქვს გაიასნებული, რა პროკურატურაში გაქვს გაიასნებული-მეთქი. აი, ასეო... ასეთი ადამიანი თუ წართმევას კადრულობს, იმასაც კადრულობს..."
მაშინ, როგორც მოკლული ბიზნესმენის ოჯახმა სატელევიზიო გამოსვლებში აღნიშნა, მკვლელობა შეკვეთილი იყო და ის ბიზნესპარტნიორის გია უდესიანის შეკვეთით მოკლეს. ამიტომ საქმეს გახსნილად არ მიიჩნევენ, ვინაიდან საზოგადოებისთვის ჯერ ყველაზე მთავარი, დამკვეთი არ არის ცნობილი.
2011 წლის 20 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერში კომპანიის მფლობელებად მითითებული არიან: ბესარიონ ხარძიანი - 29%, ვახტანგ კიკაბიძე - 7%, გიორგი უდესიანი - 9%, ოლგა ხიხლოვსკა - 15%, მარინა მგალობლიშვილი - 11%, უდესიანის ოჯახის წევრი ზაზა გუგავა - 10%, ეკა ნონიკაშვილი - 7%, გიორგი ხარძიანი - 7% (ბესიკ ხარძიანის ძმა), „არქენსტოუნ მენეჯმენტ ლიმიტედი", სეიშელის კუნძულები - 5%. ამ პერიოდში ბესიკ ხარძიანი დაკავებული იყო. ის 2011 წლის 16 თებერვალს ნარკოდანაშაულის ბრალდებით აიყვანეს. საჯარო რეესტრის მომდევნო ამონაწერში კუს ტბის მფლობელების გვერდით ხარძიანების ოჯახის წევრები აღარ ფიგურირებენ. ბესიკ ხარძიანმა თავისი 29% ოფიციალურად, მილიონ ლარად გაყიდა. წილები გაყიდეს მისმა მეუღლემ და ძმამაც. ყველაფერი კი ერთ დღეში მოხდა. ხარძიანი ახალი ხელისუფლების პირობებში თავისუფლდება და იწყებს სასამართლო დავას კუს ტბის ქონების დაბრუნებაზე (თბილისის საქალაქო სასამართლოში მან ერთი საქმე მოიგო, მეორე წააგო. - ავტ.).
გაზეთი „პრაიმტაიმი" ბესიკ ხარძიანის შვილს, ქეთა ხარძიანს ესაუბრა, რომელიც აწ გარდაცვლილ ბიზნესმენს მეორე ქორწინებიდან ჰყავს:
- მახსოვს. უნივერსიტეტში ვიყავი, დამირეკეს, ბესო ფეხშია დაჭრილი და სასწრაფოდ მოდიო. ჩემმა ბიძაშვილმა მომაკითხა და სახლში წამოვედით. რას წარმოვიდგენდი, თუ უკვე აღარ იყო. სახლში რომ მოვედი, სადღაც ათ წუთში აღმოვჩნდი პროკურატურაში. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, არანაირი საინფორმაციოსთვის არ მომისმენია, ტელეფონიც არ მქონდა თან, მით უმეტეს „ფეისბუკი" და ასე ვერ გავიგებდი, რა მოხდა, ვისაც ვეკითხებოდი კიდევ, ყველა მეუბნებოდა საოპერაციოშიაო.
- არაფერი საეჭვო არ შეგინიშნავთ, მით უმეტეს, იცოდით, ზოგადად რა სიტუაციაც იყო მამას გარშემო ან რამე წინათგრძნობა თუ გქონდათ?
- ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეო მაქვს მისთვის გადაღებული. უყვარდა გადაღება. დღეს ყველა მეკითხება, ამდენს რატომ უღებდიო. შეიძლება ეს ჩავთვალოთ წინათგრძნობად... რატომ არ ვუღებდი დედაჩემს, ჩემს ძმას? შეიძლება იმიტომაც, რომ ბავშვობიდან განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. არამხოლოდ ჩემთვის იყო ასეთი. მე მინახავს მისი ურთიერთობა მის თანამშრომლებთან, მეგობრებთან, დედასთან, მამასთან...
- შეცდომებს ყველა ვუშვებთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ბესომ სადღაც რაღაც შეცდომა დაუშვა მაინც, თუნდაც ადამიანების შერჩევაში, ვინც საბოლოოდ ცუდ შედეგამდე მიიყვანა. სანაცნობო წრეს ვგულისხმობ.
- იმდენი ტანჯვა აქვს გამოვლილი დაუმსახურებლად, ისეთი ნაწამებია მთელი ცხოვრების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რომ ჩემგან უხერხული იქნება, ვთქვა - ასე რომ არ მოქცეულიყო და ისე მოქცეულიყო, უფრო კარგი იქნებოდა. ის იყო ძალიან თბილი, უკეთილშობილესი ყველას მიმართ.
- ციხეში რომ სასტიკად ექცეოდნენ, ამის შესახებ რამდენად იყავით ინფორმირებულები ოჯახის წევრები, თუ გითვლიდათ და გთხოვდათ, ხმა მიგეწვდინათ არასამთავრობოებისთვის, სახალხო დამცველისთვის, ტელევიზიებისთვის?
- 2011-ში დაიჭირეს. ეს ის პერიოდი იყო, ხმას ვერ ამოიღებდი ზედმეტად. სანახავად რომ შევდიოდით, ერთმანეთს თუ მოვიკითხავდით. ცუდად რომ იყო, იმასაც ვერ ამბობდა. რა თქმა უნდა, ადვოკატისგან ვიცოდით, რა სიტუაციაშიც იყო და ეტყობოდა კიდეც. საერთოდ, ცოცხალი გამოვიდოდა თუ მკვდარი, თვითონაც არ იცოდა. სულ უსმენდნენ, ტელეფონზე მით უმეტეს ვერაფერს იტყოდა. პატიმრებისა და მათი ახლობლების დახმარებითაც რამდენჯერ მოგვაწვდინა ხმა. ყველამ ვიცით, რა დღეში აგდებენ პატიმრებს, მაგრამ განსაკუთრებულად რამდენიმე ადამიანია ძალიან ცუდ დღეში, მათ შორისაა ხარძიანიო.
- ფიქრობთ, რომ მას ციხეში ვინმეს დავალებით აწამებდნენ?
- რა თქმა უნდა. აბა, ბადრაგს არანაირი პირადი ინტერესი არ ექნებოდა, ბესო ხარძიანი ეცემა. პირველ რიგში ის, რომ ასეთი დაუნდობელი რეჟიმი იყო. გარდა ამისა, იყო ვიღაცის დაკვეთები, რამაც გამოიწვია ის შედეგი, რომ მოხდა კუს ტბის გადაფორმება.
- ბიზნესში ხშირია კრიმინალური შემთხვევები. ბესო ხარძიანსა და უდესიანს შორის უთანხმოება და წილების უცნაური გადაცემა ჯერ კიდევ წლების წინათ ბადებდა ბევრ კითხვას. თქვენი აზრით, კიდევ ვის შეიძლებოდა ნდომებოდა მისი თავიდან მოცილება?
- ჯერ მინდა ვთქვა, რომ მამაჩემს უდესიანთან ერთად არ დაუწყია ბიზნესი. 2008 წელს იყიდა, როგორც მახსოვს, უდესიანმა რაღაც პროცენტები. ამის შემდეგ მამა დაიჭირეს და ის პროცენტები, რაც მამაჩემის იყო, მიითვისა. ჩვენ ამაზე დავა გვქონდა. მოსამართლეს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ წილის დათმობა იძულებით განხორციელდა. ციხიდან გადააფორმა. სხვა მტრები მას არ ჰყოლია. მოგებული სასამართლო, მისი ყოფილი პარტნიორები... სიცოცხლეში ყოველთვის ასახელებდა იმ სახელებსა და გვარებს, რომლებზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ისიც კი აქვს ნათქვამი, რომ ამ ადამიანებს არაფრად უღირთ ვინმეს სიცოცხლე, თავისუფლად შეუძლიათ, ქილერს ფული გადაუხადონ და მოკლან.
- მამათქვენი ემზარ კვიციანთან და კიდევ ორ მეგობართან ერთად ბიზნესის დაწყებას გეგმავდა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მათ შეხვდა. თუ დაგაინტერესათ საერთოდ ამ მომენტმა, იმ დღეს სად გადაადგილდებოდა, ვის შეხვდა, როგორ ხასიათზე იყო?
- არა, ამ მხრივ არაფერ შუაში არ არის მისი მკვლელობა. ეს, უბრალოდ, დამთხვევა იყო. ასე, შეიძლებოდა თქვენც შეგხვედროდათ. მამაჩემის მკვლელობა პირდაპირ არის კავშირში უდესიანთან და ქურასბედიანთან. მამაჩემის მეგობრებს ძალიან კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ მათთან. ძალიან კარგი ადამიანები არიან და ვინც სასიკვდილოდ გაიმეტა, რა თქმა უნდა, არასდროს ყოფილან ჩვენი ოჯახის მეგობრები.
- არ გიცდიათ, სიტუაცია კარგად გაგერკვიათ, მკვლელობის დეტალები, მართლა გია უდესიანთან და ირაკლი ქურასბედიანთან მიდის კვალი თუ სხვა ვინმესთან?
- არა, ცალკე გამოძიება არ ჩაგვიტარებია, იმიტომ რომ სახელმწიფოა, მას ჰყავს ორგანოები, რომლებიც ვალდებულნი არიან, გამოიძიონ. ვფიქრობ, გამოძიება კარგად არის ჩატარებული, თუმცა ჩვენთვის მთავარია, დამკვეთებზე გავიდნენ. ვიცი, რომ ამაზე ინტენსიურად მუშაობენ და იმედი მაქვს, მალე დადგება ეს მომენტი. დადგენილია მხოლოდ ის, უშუალოდ ვინ არის მკვლელობის აღმსრულებელი და გამოძიებამ რა ეტაპები გაიარა, რომ აქამდე მისულიყვნენ. მათი პრესტიჟის საქმეა, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. გამოძიება იმ დონეზეა ჩატარებული, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ, უბრალოდ რამდენიმე საათით არიან აცდენილები, რომ ქილერებმა დატოვეს საზღვარი. შეკვეთილი მკვლელობის გახსნა არ არის ადვილი. ძალიან მინდოდა, მეორე დღეს დაჭერილები ყოფილიყვნენ, მაგრამ ასე არ ხდება.
- „ცუდ გაფრთხილებას ვიძლევი! თუ არ აღდგა სამართალი, 70-იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში", - ამბობს ბესო ერთ-ერთ გადაცემაში. ნათქვამს თავისი ადრესატი თუ ადრესატები ჰყავდა, ცხადია. აქედან სადღაც ორ კვირაში კლავენ კიდეც.
- ეს, იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით იყო გადაცემა და მაშინ თქვა. როცა სამართალს ეძებს ადამიანი და ვერ პოულობს, ყოველთვის ასე მთავრდება.
- სახლში თუ ლაპარაკობდა თავის საქმეებზე, პრობლემებზე?
- სასამართლო მიმდინარეობდა და ამაზე იყო ხოლმე ლაპარაკი, რომ ყველაფერი დაებრუნებინა და აღედგინა ის მდგომარეობა, რომელიც მაშინ ჰქონდა, სანამ დააკავებდნენ. დაებრუნებინა მისი საკუთრება, რომელიც თავისი შრომით ჰქონდა მოპოვებული და არა ისე, როგორც მათ მოიპოვეს შემდეგ ასეთი გზით მამაჩემისგან. პროფესიით იურისტი ვარ და რაღაც რჩევებს მეც მეკითხებოდა. ისე, ჰყავდა თავისი იურისტები და მათთან ერთად განიხილავდა ყველა საკითხს. რა თქმა უნდა, თავის ემოციებს ციხეში რაც ჰქონდა გადატანილი, ამაზე არავის მოუყვებოდა, რამდენჯერ და როგორ სცემდნენ, თუმცა ტაბუდადებული თემა, რომელზეც არ საუბრობდა, არ ჰქონდა. რაღაც დონეზე მაინც ვიცოდით. ეს პრობლემა არასდროს გვქონია, რომ რაღაცას მალავს, არ იძახის. არა, პირიქით, ხმამაღლა ამბობდა, მომკლავენო.
- არ უფიქრია, თავი დაენებებინა ყველაფრისთვის და შეგუებოდა? ხომ იცოდა, რომ მოკლავდნენ?
- არაფერი უკან დასახევი არ სჭირდა, იმიტომ რომ ის იყო მართალი. დაჭერის დღიდან მასზე ჩარეული იყო მთელი სახელმწიფო სპეცორგანოები. მიზანი იყო, დაეჭირათ და წაერთმიათ. იქიდან შეიძლებოდა ცოცხალი არ გამოსულიყო. არც ის ტიპაჟი იყო, რაღაც შიშის გამო დაეთმო. ერთხელ რომ დააბრუნა უკან, იგივეს გააკეთებდა, ისევ იბრძოლებდა. პირველი ინსტანციის სასამართლო მოიგო, რაღაც ნაწილში აღდგა სამართლიანობა. შემდეგ სააპელაციოში მიდიოდა საქმე და სჯეროდა, რომ ბოლომდე მიიყვანდა საქმეს. როდესაც ადამიანი მართალია, მას აუცილებლად გაუმართლებსო, - ამბობდა.
- იყო ისეთი ვინმე, ვინც მას მოსვენებას არ აძლევდა, გამუდმებით ურეკავდა, ნერვებს უშლიდა, შეხვედრას სთხოვდა?
- არა, რა თქმა უნდა, ამას ვინ გაბედავდა, ასე პირდაპირ. ბოლოს და ბოლოს, თუ ვინმეს საქმე გასარჩევი ჰქონდა, პირდაპირ მივიდოდა და გაურჩევდა, თუმცა ამჯობინა, ქილერი დაექირავებინა. ასე არ იქცევიან კაცები, ასე იქცევიან არაკაცები.
- მამათქვენის პირველი ოჯახი ცოტა უცნაურად გამოჩნდა საზოგადოებაში. მათ პრესკონფერენცია გამართეს ბესო ხარძიანის ქონებასთან დაკავშირებით. ძირითადად ამაზე იყო საუბარი. თქვენში რა ემოციები აღძრა ამან?
- მხოლოდ ვიტყვი, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მანამდე, სანამ მამას დავასაფლავებდით. სხვაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. საზოგადოებამ შეაფასოს. მამაჩემს ოთხი შვილი ვყავართ და არაფრით არ გვასხვავებდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ. არ გვქონია არანაირი პრობლემა ზუსტად მამას დასაფლავებამდე.